„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ქუთაისში ტრანსპორტის ფასი 20 თეთრით გაიზრდება

ქუთაისში ტრანსპორტის ფასი 20 თეთრით გაიზრდება, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა განაცხადეს. პარტიის წევრის გიგა შუშანიას თქმით, გაზრდილი საწვავის ფასისა და გეგმური გადასახადის გამო, მძღოლები იძულებულები არიან, რომ ტრანსპორტის ფასი გაიზარდოს.

"ჩვენ მძღოლებისგან მივიღეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მგზავრობის ფასი იზრდება, რაც მძიმედ დააწვება მოსახლეობას. მინდა ქალაქის მერს ვურჩიო, რომ მათ შეამცირონ მძღოლებისგან ყოველწლიური მოსაკრებელი, რის შემდეგადაც მძღოლებს გარკვეული შეღავათი მიეცემა, ამის შემდეგ კი ისინი ფასს აღარ გაზრდიან", - განაცხადა შუშანიამ.

ქუთაისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში კი აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე დღის წესრიგში მგზავრობის საფასურის გაზრდა არ დგას.