საქართველოში მსხვილი სავაჭრო ობიექტები იხურება და ეს ტენდენცია მთელი წელი გაგრძელდება. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, ამ ტენდენციას იმპორტიორები და დარგის სპეციალისტები სხვადასხვა მხრივ განიხილავენ. იმპორტიორთა თქმით, სავაჭრო ქსელებს უჭირთ ფინანსური ვალდებულების შესრულება და თავიდან იცილებენ ნაკისრ ვალდებულებებს. ესქპერტების აზრით კი, მსხვილი სავაჭრო ობიექტების დახურვის მიზეზი მონოპოლიზებული ბაზარია.
საქართველოში "ფურშეტის" შემდეგ, ობიექტებს სუპერმარკეტების ქსელი "სმარტიც" ხურავს. როგორც სადისტრიბუციო კომპანიები აცხადებენ, საქართველოში მსხვილი სავაჭრო ქსელების უმრავლესობას გადახდასთან დაკავშირებით პრობლემა აქვს, რაც ობიექტების დახურვის მთავარი მიზეზი ხდება.
"რეზონანსთან" საუბრისას იმპორტიორები ამბობენ, რომ იმ მსხვილ მაღაზიებს, რომლებიც დაიხურა ან მომავალში იხურებიან, არ აქვთ ბალანსზე უძრავი ქონება (იგი გაფორმებულია სრულიად სხვა სუბიექტზე). როდესაც ესა თუ ის ობიექტი იხურება, ბუნებრივია, რჩება გადაუხდელი ვალდებულებები, რაც ბიზნესს ჰქონდა დისტრიბუტორთა მიმართ. ხელშეკრულებაც იმდენად თავისებურადაა შედგენილი, რომ ბრძოლას შეუსრულებელი ვალდებულებების მიმართ არ აქვს აზრი. მაღაზიები იხურება ისე, რომ აღებული ვალდებულების გასტუმრებას ვერავინ მოთხოვს.
მსხვილი სავაჭრო ობიექტების დახურვას მოთხოვნის ნაკლებობას არ უკავშირებს იმპორტიორი დავით გოგიჩაიშვილი. როგორც მან "რეზონანსს" განუცხადა, მთავარი მიზეზი სავაჭრო ობიექტების მხრიდან არაკეთილსინდისიერი ქმედებაა, რასაც ისინი სხვადასხვა ფინანსური ვალდებულებების თავიდან აცილების მიზნით მიმართავენ. ეს კი ობიექტების დახურვის მიზეზი ხდება.
"მსხვილი მარკეტების დახურვას ვერ დავუკავშირებ იმას, რომ ხალხი მსყიდველუნარიანი აღარაა. საკუთარი სეგმენტი ჰყავს, როგორც მარკეტებს, ასევე ბაზრობას. შესაბამისად, დიდი სავაჭრო ობიექტების დახურვის მიზეზი ეს არ შეიძლება იყოს. ისინი, უბრალოდ, არიან თაღლითები, რომლებსაც თანხა აქვთ გადასახდელი, როგორც იმპორტიორებისთვის, ასევე სხვა ვალდებულებების სახით და გამოსავალს დახურვაში ეძებენ", - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
სავაჭრო ობიექტების დახურვის მიზეზზე "რეზონანსთან" საუბრობს სოციალური და ეკონომიკური საკითხების ექსპერტი, პროფესორი პაატა აროშიძე. მისი თქმით, დიდი მარკეტების დახურვას, ბაზარზე არსებული სხვა უფრო მსხვილი მარკეტების მხრიდან მონოპოლიის გაძლიერება უწყობს ხელს.
"გასაგებია, რომ ხალხს ფული არ აქვს და ვერ ახერხებს მარკეტებში პროდუქტის შეძენას, თუმცა ეს არ არის მსხვილი სავაჭრო ობიექტების დახურვის მიზეზი. მე ამას, პირველ რიგში, მონოპოლიების გაძლიერებას დავუკავშირებდი. მძლავრი სავაჭრო ცენტრები შთანთქავენ უფრო ნაკლებად მძლავრ სუპერმარკეტებს. შესაძლოა, ბაზარზე უფრო ძლიერი მოთამაშე შემოდის ან უკვე შემოსულია, რომელსაც სურს საცალო ვაჭრობის მთლიანად გაკონტროლება.
ვერც იმპორტიორების განცხადებას დავეთანხმები, რომ შეიძლება რომელიმე მარკეტმა მათ არ აუნაზღაუროს ის თანხა, რაც ხელშეკრულების თანახმად ეკისრებათ. არც ერთი იმპორტიორი სერიოზულ ხელშეკრულებას არ დადებს ისეთ ორგანიზაციასთან, რომელიც შემდგომში დაიხურება და თავს აარიდებს პასუხისმგებლობას. დღეს არსებობს იმის ბერკეტები, ლიკვიდაციის მიუხედავად, კუთვნილი თანხა მაინც ამოიღონ. მე მაინც მონოპოლიის საფრთხეს ვხედავ მსხვილი სავაჭრო ქსელების სეგმენტში", - განუცხადა "რეზონანსს" აროშიძემ.
საქართველოში დაახლოებით 15 უმსხვილესი სავაჭრო ქსელი მოქმედებს. გარდა ამისა, უამრავია მცირე და საშუალო მაღაზიები და ბაზრობები, სადაც თითქმის ყველაფრის შეძენა შეიძლება. 3,7-მილიონიანი ქვეყნისთვის ამ რაოდენობით სავაჭრო ობიექტები აშკარად ზედმეტია, ამიტომაც ხშირია ლიკვიდაციის შემთხვევები.
შედარებით მაღალგანვითარებულმა ქვეყნებმა ეს გზა უკვე გაიარეს. მაგალითად, გერმანიაში მცხოვრები ქართველები "რეზონანსთან" ამბობენ, რომ ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, არ არის საჭირო ათეულობით სავაჭრო ქსელი და მეგამარკეტი. თვითონ გერმანიაში სულ რამდენიმე ქსელია.
"საქართველოში ძალიან ბევრი მეგამარკეტია, რაც სულაც არ არის საჭირო პატარა ქვეყნისთვის, მით უმეტეს, როდესაც ეკონომიკური კრიზისია. მეც კი ვიცი, რომ საქართველოში რამდენიმე ქსელი უკვე დაიხურა და ვფიქრობ ლოგიკურია. მესამე წელია გერმანიაში ვცხოვრობ და ამხელა ქვეყანაში მარკეტების რამდენიმე ქსელია.
მიკვირს საქართველოში, ამდენი დასახელების სავაჭრო ცენტრი როგორ ახერხებს მუშაობას. თანაც ჩვენ ქვეყანაში ბევრი ბაზარი და ბაზრობაა, სადაც ბევრად იაფად შეიძლება პროდუქტის შეძენა. ეს ახლა დავაფასე, როდესაც აქ ვარ. კვირიდან კვირამდე ბიობაზრობის გახსნას ველოდები, სადაც შედარებით ჯანსაღი პროდუქტის შეძენაა შესაძლებელი", - განაცხადა ბერლინში მცხოვრებმა შორენა ჩახავამ, რომელიც უკვე მესამე წელია გერმანიაში ბინადრობს.
ბოლო დროს, სოციალური გაჭირვების ფონზე, მყიდველთა კატეგორიამ სუპერმარკეტებიდან ბაზრობაზე გადაინაცვლა. ეს კიდევ ერთი მიზეზია იმისა, რომ დიდ სავაჭრო ქსელებს კლიენტებთან ერთად შემოსავალი შემოაკლდა.
ვაგზლის ბაზრობის მოვაჭრემ მარინა როხვაძემ "რეზონანსს" დაუდასტურა, რომ ხალხი ბაზრობას დაუბრუნდა. ამას იგი მოსახლეობის ფინანსური კრიზისით ხსნის. ბაზრობაზე ხალხი ბევრად იაფად იძენს პროდუქტს.
"ხალხმა ბაზრობაზე სიარული ისევ დაიწყო. იყო პერიოდი, როდესაც არ დადიოდნენ და ყველა მარკეტში იძენდა პოდუქტს. მესმის, რომ იქ ბაზრობასთან შედარებით მოწესრიგებული გარემოა, თუმცა ორჯერ და ხშირ შემთხვევაში, ოთხჯერ ძვირადაც იყიდება მარკეტებში ბაზრობიდან შეტანილი ხილი და ბოსტნეული. ახლა ეს გააცნობიერეს, ამასთან ფინანსურმა სიდუხჭირემაც დიდი გავლენა მოახდინა და ხალხი ისევ ბაზრობაზე დაბრუნდა", - აღნიშნა მარინა როხვაძემ.
ნათია ლომიძე
გაზეთი "რეზონანსი"