ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ თელ-ავივის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაში IMTM 2017 მიიღო მონაწილეობა.
ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად საქართველოს სტენდზე წარმოდგენილი იყო აჭარის ა/რ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი.
თელ-ავივის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ მიმართულებას და დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო. გამოფენის სტუმრებისათვის მოეწყო სპეციალური პრეზენტაცია და საქართველოს საიმიჯო ვიდეორგოლების ჩვენება. გამოფენის ფარგლებში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ისრაელის წამყვან ტურისტულ კომპანიებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა.
IMTM 2017 ახლო აღმოსავლეთში ერთ-ერთი უდიდესი გამოფენაა. თელ-ავივის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაში მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნის 1000-ზე მეტი ტურისტული კომპანია იყო წარმოდგენილი. გამოფენას 20 ათასზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა. ისრაელი საქართველოს მნიშვნელოვანი ტურისტული მიმართულებაა. სტატისტიკური მონაცემებით: 2017 წლის იანვარში ისრაელიდან საქართველოს 1703 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 83.3%-ით მეტია. 2016 წელს ისრაელიდან საქართველოს 92213 ვიზიტორი ეწვია, რაც 55%-ით მეტია 2015 წელთან შედარებით.