თბილისის მერი დავით ნარმანია, მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი და კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი ცაიშის ქუჩაზე მიმდინარე გზის კაპიტალური შეკეთების სამუშაოებს გაეცნენ.
როგორც თბილისის მერიიდან იუწყებიან, ადგილზე იმყოფებოდნენ ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე და რაიონის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე.
თბილისის მერის განცხადებით, აღნიშნული გზა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იგი ჩუღურეთს თბილისის ზღვასთან და მახათასთან აკავშირებს.
„რამდენიმე დღის წინ, ცაიშის ქუჩაზე დავიწყეთ საკმაოდ მასშტაბური, გზის კაპიტალური შეკეთების სამუშაოები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება და დაზიანებული გზის საფარის მოხსნა, რომლის შემდეგაც დაიწყება უშუალოდ ახალი საფარის დაგება. სულ აღნიშნულ ქუჩაზე 22 000 კვ.მ ასფალტის საფარი დაიგება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
მერიის პრესსამსახურის განმარტებით, ცაიშის ქუჩაზე, საგზაო სამუშაოების ფარგლებში, ახალი, 600 მეტრიანი სანიაღვრე ქსელი მოეწყობა, მოხდება ასფალტის ძველი საფარის დემონტაჟი და დაიგება ახალი ორფენიანი საფარი, ახალი ბაზალტის ბორდიურებით კი მოეწყობა ტროტუარები. ჯამში, ცაიშის ქუჩაზე 22 000 კვ.მ ასფალტის საფარი დაიგება.
მათი ცნობით, გზის კაპიტალური რეაბილიტაციის სამუშაოებს, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია შპს „ქროსფოინთი“ ახორციელებს. სამუშაოები 16 თებერვალს დაიწყო და ივნისში დასრულდება.