დუბაის გზების და ტრანსპორტის სააგენტო, ივლისში სამგზავრო დრონის, ანუ მფრინავი ტაქსის ექსპლუატაციას დაიწყებს.
სააგენტომ და მფრინავი ტაქსის სამსახურმა უკვე ჩაატარეს პირველი ტესტები, რომელშიც ჩინური კომპანიის „ეჰანგი“ მიერ შემუშავებული აპარატი „ეჰანგ 184“ მონაწილეობდა.
ელექტროენერგიაზე მომუშავე მფრინავი მანქანა 17 კილოვატ საათი ენერგიის ტევადობის ელემენტების ბლოკითაა აღჭურვილი. მისი საშუალებით მფრინავ მანქანას, მაქსიმუმ ნახევარი საათის განმავლობაში, დაახლოებით 50 კილომეტრის დაფარვა შეუძლია. ელემენტების სრულად დამუხტვას, დაახლოებით 4 საათი სჭირდება.
„ეჰანგ 184“ ერთადგილიანი დრონია, რომელსაც მცირე საბარგულიც აქვს. ის 240 კილოგრამს იწონის და მაქსიმუმ 100 კილოგრამი ტვირთის გადატანა/გადაყვანა შეუძლია. მას აქვს რვა ხრახნი, რომლებსაც თითო ელექტროძრავი ემსახურება. მათი ჯამური სიმძლავრე 207 ცხენის ძალაა. აპარატის საშუალო სიჩქარე 100 კმ/სთ-ია, მაქსიმალური კი - 160 კმ/სთ. მას 3 500 მეტრ სიმაღლეზე აფრენა შეუძლია.
როცა მგზავრი მფრინვ ტაქსიში მოთავსდება, ის სენსორულ ეკრანზე შეარჩევს დანიშნულების ადგილს და დანარჩენს მართვის ავტონომიური სისტემა შეასრულებს. თუმცა მეტი უსაფრთხოებისთვის, აპარატის მუშაობას მართვის ცენტრიდან ოპერატორი გააკონტროლებს. ჩინური კომპანია ირწმუნება, რომ რამდენიმე ძრავის გათიშვის შემთხვევაშიც, აპარატი უსაფრთხოდ დაჯდომას შეძლებს. თუ პრობლემა უფრო სერიოზულია, მაშინ ელექტრონიკა აპარატს დაუყოვნებლივ, უსაფრთხო ადგილას დასვამს.
წყარო autobild.ge