ბათუმში თეატრის ხელმძღვანელს საბიუჯეტო თანხების მითვისებაში დახმარებისთვის ედება ბრალი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო პროფესიული თეატრის ხელმძღვანელი პირები სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ პირებს ბრალად ედებათ ყალბი დოკუმენტების დამზადება - გამოყენება და სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხების მითვისება.

სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხების მითვისებაში დახმარებისათვის პასუხისგებაში მიცემულია ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო პროფესიული თეატრის მმართველი მედეა ჩარკვიანი და სამუშაოთა ტექნიკური ზედამხედველი ილია ზაქარიაძე.

როგორც გამოძიებამ დაადგინა, შპს ,,თექ-ევ ინშაათს" სსიპ ,,ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრისათვის" უნდა შეესრულებინა თეატრის შენობის სარეკონსტრუქციო - სარემონტო სამუშაოები. ამ სამუშაოების საერთო ღირებულება 1 163 226 ლარს შეადგენდა.

"ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების და საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დადგენილია, რომ აღნიშნული კომპანიის მიერ არ იქნა მოწყობილი თეატრის განათების, გახმოვანებისა და კონდიცირების სისტემები. მიუხედავად ამისა, ყალბი სამუშაოთა აქტების ფორმა N2 საფუძველზე, სამუშაოები შესრულებულად იქნა მიღებული. სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის მიერ, შეუსრულებელი და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო, თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრი არ ფუნქციონირებს ერთ წელზე მეტია და მის ექსპლუატაციისთვის ვარგის მდგომარეობაში მოყვანას დღეისთვის 300 000 ლარზე მეტი თანხა ესაჭიროება,” - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ზემოხსენებული პირების საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" და მე-3 ნაწილი "ბ" პუნქტით, 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" პუნქტით. ბრალდებულებს 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

როგორც აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გია თავამაიშვილმა განმარტა, თეატრის ადმინისტრაციამ თურქულ კომპანიას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებობის გამო 2013 წლის აგვისტოში სასამართლოში უჩივლა და კომპანიას 284 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა. მისი თქმით, სამინისტრო თეატრის რეაბილიტაციის სამუშაოების გაგრძელებაზე მსჯელობდა.

"ვეცდებით, გავარკვიოთ, თუ საჭირო იქნება მხარი დავუჭიროთ და ერთად ჩამოვყალიბდეთ ამ საკითხზე. შენობა აქამდე უნდა ჩაბარებულიყო. არც თუ ისე მარტივი ურთიერთობა იყო თეატრის მმართველსა და თურქ მშენებელს შორის. სასამართლოში მედეა ჩარკვიანის ინიციატივით შევიდა საჩივარი. სასამართლომ ჩარკვიანის სასარგებლოდ გადაწვიტა საქმე და სამუშაოების მწარმოებელ კომპანიას გარკვეული თანხის გადახდა დაევალა", - აღნიშნა თავამაიშვილმა.

ამასთან, ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო პროფესიული თეატრის მმართველი მედეა ჩარკვიანი მზადყოფნას გამოთქვამს გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის.

როგორც მედეა ჩარკვიანმა ბათუმში ჟურნალისტებს განუცხადა, გამომძიებელს ჰქონდა გარკვეული კითხვები, რომლებზეც დასაბუთებული პასუხები გასცა.

"დღეს დილით ვიყავი გამომძიებელთან. ჰქონდათ გარკვეული კითხვები, რომელზეც გავეცი დასაბუთებული პასუხები. გამოძიებას ბუნებრივია, შემდგომშიც ექნება საეჭვო გარემოებებზე რაღაც კითხვები და მე მზად ვარ ვითანამშრომლო მათთან", - აღნიშნა მედეა ჩარკვიანმა.