ექსპერტების და ანალიტიკოსების უმრავლესობა იანვარ-თებერვალში ლარის კურსის უფრო მეტად გაუფასურებას ელოდა. თუმცა, მოხდა საპირისპიროდ, კურსმა გამყარების ტენდენცია აჩვენა და პიკური ნიშნულიდან, როდესაც ერთი ამერიკული დოლარი 2,78 ლარი ღირდა, 17 თებერვლის ეროვნული ბანკის მონაცემებით, ერთი ამერიკული დოლარის ფასმა 2,6429 შეადგინა.
ლარის კურსის გამყარების რამდენიმე ხელშემწყობი ფაქტორი დაფიქსირდა. კერძოდ, ფულადი გზავნილების მოცულობა 26,1%-ით გაიზარდა. 2017 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 83,9 მლნ აშშ დოლარი, ანუ 226,7 მლნ ლარი შეადგინა, რაც 26.1 პროცენტით (17.4 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2016 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 88.6% იმ უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ იანვარში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 10 ქვეყანაზე გასული წლის იანვარში მთელი ფულადი გზავნილების 86.2 პროცენტი მოდიოდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ფულადი გზავნილების მხრივ, ყველაზე აქტიურ ათ ქვეყანას შორის ოთხი ევროკავშირის წევრი ქვეყანაა.
"რუსეთი - 26.5 მლნ აშშ დოლარი; იტალია - 9.6 მლნ აშშ დოლარი; ამერიკის შეერთებული შტატები - 9,6 მლნ აშშ დოლარი; ისრაელი - 6.4 მლნ აშშ დოლარი; თურქეთი - 6,2 მლნ აშშ დოლარი; ესპანეთი - 2.1 მლნ აშშ დოლარი; გერმანია - 2.0 მლნ აშშ დოლარი; უკრაინა - 1.5 მლნ აშშ დოლარი; აზერბაიჯანი - 1.3 მლნ აშშ დოლარი", - აღნიშნულია ეროვნული ბანკის მონაცემებში.
ეროვნული ბანკის ცნობით, 2017 წლის იანვარში საქართველოდან საზღვარგარეთ 13.4 მლნ აშშ დოლარი (36.1 მლნ დოლარი) გადაიგზავნა, გასული წლის იანვარში კი ეს მონაცემი შეადგენდა 11.9 მლნ აშშ დოლარს (29.0 მლნ ლარი).
ლარის კურსის გამყარებას ხელი შეუწყო იანვრის თვეში ექსპორტის ზრდამაც. 2017 წლის იანვარში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტის მოცულობა 48+-ით გაიზარდა, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2017 წლის იანვარში საქართველოს საგარეო ვაჭრობა 22%-ით გაიზარდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ 2017 წლის იანვრის წინასწარ მონაცემებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 2017 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 651 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 22 პროცენტით მეტია.
აქედან, ექსპორტი 177 მლნ აშშ დოლარი იყო (45 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 474 მლნ აშშ დოლარი (15 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 20-17 წლის იანვარში 298 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46 პროცენტი შეადგინა.
ლარის გამყარებას, თავის მხრივ, ხელს უწყობს მიმოქცევაში ნაღდი ფულის მასის შემცირება და რეფინანსირების სესხის შეზღუდვაც. 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მიმოქცევაში 2,999 მლრდ ლარი ბრუნავდა, ხოლო 16 თებერვლის მდგომარეობით, 2.821 მლრდ ლარი. ნაღდი ფულის მასა პირველი იანვრიდან დღემდე 178 მლნ-ით შემცირდა.
ამ პროცესების კვალდაკვალ, მთავარი ფაქტორი არის მთავრობის მიერ ბიუჯეტის დეფიციტური ხარჯვის შეზღუდვა. თუ დეფიციტური ხარჯვა იზრდება, ლარის კურსი უფასურდება, ხოლო თუ მცირდება, მაშინ მყარდება. თებერვლის თვეში ბიუჯეტის დეფიციტურ ხარჯვის არარსებობამ ხელი შეუწყო კურსის გამყარების ტრენდს.
თუმცა, წონასწორობა მცირეოდენით დაირღვა, ასევე 10 თებერვლიდან 15 თებერვლის ჩათვლით, 16 თებერვალთან შედარებით რეფინანსირების სესხების საერთო მოცულობა 1.058-დან 1.200-მდე გაიზარდა და, შედეგად, კურსის მცირეოდენი ცვლილება მივიღეთ გაუფასურების სახით.
სპეციალისტთა შეფასებით, ლარის გამყარება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მიდგომა ექნება სებ-ს რეფინანსირების სესხებთან მიმართებაში. ეროვნული ბანკი კი კვლავ დუმილის პოზიციას არჩევს, თუმცა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებით, ასევე, სამომავლოდ იმის დაანონსებით, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი კვლავ მოიმატებს კურსის გამყარებას ხელი უნდა შეეწყოს.
მთავრობაში დიდი ოპტიმიზმით არიან, მაგრამ სპეციალისტები რეალურად უყურებენ შექმნილ მდგომარეობას. საყურადღებოა, რომ შარშან იანვარში ძალიან დაბალი იყო ექსპორტის მაჩვენებელი - სულ 122 მლნ დოლარი. ასე რომ, გასული წლის მაჩვენებელთან შედარება დიდ წარმატებას არ მოასწავებს.
"შარშანდელ იანვართან შედარებით პატარა ცვლილებაც კი თვალსაჩინოა. თავად იანვრის თვე ნაკლებად გამოდგება გრძელვადიანი ტენდენციის განსაზღვრისთვის. რასაკვირველია, თავად ფაქტი სასიხარულოა, ზრდა ჯობს შემცირებას. შენარჩუნდება თუ არა სამომავლოდაც ეს ტენდენცია, ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია", - აღნიშნა ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორმა სოსო არჩვაძემ.
კურსის ცვლილება მაკროეკონომიკურ ფაქტორებზეც იქნება დამოკიდებული, თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ 2017 წლის ბიუჯეტი 2,50 კურსზეა გათვლილი, საკმაოდ მყარი არგუმენტი გვაქვს საამისოდ, რომ მარტში კურსი კიდევ რამდენიმე პუნქტით გამყარდეს.
ბაჩანა ჯინჭარაძე
გაზეთი "ბანკები და ფინანსები"