არასამთავრობოები მართვის მოწმობის 100-ქულიან სისტემაში ნასვამობაზე ქულების ჩამოკლების გათვალისწინებას ითხოვენ

მართვის მოწმობის 100-ქულიან სისტემას შესაძლოა, ალკოჰოლისა და ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მანქანის მართვის შემთხვევაში ქულების ჩამოკლება დაემატოს.

ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილმა უთხრა.

თუმცა, ლალიაშვილი ვერ აკონკრეტებს თუ რამდენი ქულის ჩამოკლება მოხდება ამ შემთხვევაში. მისივე თქმით, ”საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებისა და მასთან დაკავშირებული კანონპროექტების პირვანდელი ვარიანტი ნასვამობაზე ქულების ჩამოკლებას არ ითვალისწინებდა.

„კანონპროექტის პირვანდელი ვარიანტში სიჩქარის გადაჭარბებაზე დაახლოებით 25 ქულის ჩამოკლებაა გათვალისწინებული, მანევრირების წესის დარღვევაზე 20 ქულის ჩამოკლება და ა.შ. მაგრამ არაფერია ნათქვამი ნასვამობაზე. ამიტომ, ვფიქრობთ, პარლამენტში ეს საკითხი დავაყენოთ. არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციაა, რომ ახალი 100-ქულიანი სისტემიდან, ქულები ჩამოკლება არა მარტო ნასვამ, არამედ ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების შემთხვევაშიც მოხდეს“, -აღნიშნა ლალიაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის არჩილ თალაკვაძის თქმით, მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემა სავარაუდოდ წლის ბოლომდე ამოქმედდება. ერთწლიანი პაუზის შემდეგ, პარლამენტი ”საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების და მასთან დაკავშირებული კანონპროექტების განხილვას უბრუნდება. საკანონმდებლო პაკეტს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი წარუდგენს.