ანაკლიის ”ოქროს საწმისის” დირექტორი დაკავებულია

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამსახურის თანამშრომლებმა გუშინ, ანაკლიაში მდებარე სასტუმრო "ოქროს საწმისის" დირექტორი გიორგი წურწუმია დააკავეს.

დაკავებულის შვილის განცხადებით, მას მთელი დღის განმავლობაში ეძებდნენ, საღამოს 21:00 საათზე კი ოჯახის ახლობელს საგამოძიებო სამსახურიდან დაუკავშირდნენ და დაკავების შესახებ შეატყობინეს.

ოჯახის წევრებისთვის უცნობია დაკავების მოტივი. მათი განცხადებით, გიორგი წურწუმია თბილისშია გადაყვანილი.

”ოქროს საწმისი” 2011 წელს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გახსნა ანაკლიის საკურორტო ქალაქად გამოცხადების საზეიმო ღონისძიებაზე.

სასტუმროს სამშენებლო სამუშაოები კომპანია ”სანიმ” შეასრულა. ამ კომპანიის წინააღმდეგ ცოტა ხნის წინ თბილისის საქალაქო სასამართლომ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება დაიწყო. როგორც გაირკვა, ”სანის” „თიბისი ბანკის” მიმართ 9.5 მილიონი ლარის დავალიანება დაუგროვდა. სასამართლომ გაითვალისწინა ბანკის მოთხოვნა და კომპანიის მეურვედ აღსრულების ეროვნული ბიურო დაინიშნა.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2012 წელს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ”სანის” დირექტორი, სერიოჟა გვარამია ყალბი საბუღალტრო დოკუმენტების გამოყენების ბრალდებით დააკავა. სახელმწიფო მას 3,6 მილიონი ლარის მითვისებას ედავებოდა.