34 355 გადამხდელს 1 445 264 423.00 ლარის საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერა. როგორც სსიპ შემოსავლების სამსახურიდან იუწყებიან, საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად, ცვლილების ამოქმედებიდან (02.06.2016 -16.02.2017) დღემდე , საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის მიხედვით, გადასახადის 34 355 გადამხდელს ჩამოეწერა საგადასახადო დავალიანება ჯამში 1 445 264 423.00 ლარი, მათ შორის: ა) ნაწილით - 33 798 გადამხდელს 1 442 251 436.00 ლარი, ბ) ნაწილით - 543 გადამხდელს 3 004 319.00 ლარი, გ) ნაწილით - 14 გადამხდელს 8 668.00 ლარი.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნილი ცვლილება საქართველოს საგადასახადო კოდექსში 2016 წლის მაისში შევიდა (გამოქვეყნების თარიღი - 2016 წლის 1 ივნისი). ცვლილების თანახმად, 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის ა) და ბ) ქვეპუნქტები ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, რომლის შესაბამისად ჩამოწერას დაექვემდებარა:
ა) 2011 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ამ ქვეპუნქტის ამოქმედებამდე გადაუხდელი საგადასახადო დავალიანების თანხა, თუ პირს თანხის ჩამოწერამდე აქტივობები არ უფიქსირდება, არ წარმოუდგენია საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება (გარდა ქონების გადასახადის დეკლარაციისა) ან საგადასახადო ორგანოში წარდგენილი საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშების საფუძველზე არ ფიქსირდება ერთობლივი შემოსავალი;
ბ) 2013 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაზე დარიცხული საურავი და 2013 წლის 1 იანვრამდე დარიცხული აღიარებული ჯარიმა, აღიარებული გადასახადის თანხის გადახდის პირობით, თუ პირს თანხის ჩამოწერამდე აქტივობები არ უფიქსირდება, არ წარმოუდგენია საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება (გარდა ქონების გადასახადის დეკლარაციისა) ან საგადასახადო ორგანოში წარდგენილი საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშების საფუძველზე არ ფიქსირდება ერთობლივი შემოსავალი.
გ) საკონტროლო სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევისათვის ფიზიკური პირისათვის 2013 წლის 1 იანვრამდე დაკისრებული/დარიცხული და ამ ნორმის ამოქმედებამდე გადაუხდელი ჯარიმა ( გ) ნაწილი დარჩა უცვლელი).
ამასთან, შემოსავლების სამსახურის განმარტებით, ამ ცვლილებამდე, მოქმედი ჩამოწერის წესის მიხედვით, 02.06.2016 წლამდე, საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერა გადასახადის 18 941 გადამხდელს ჯამში 1 104 279 889.73 ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) ნაწილით - 10 952 გადამხდელს 1 094 153 961.31 ლარი, ბ) ნაწილით - 918 გადამხდელს 5 124 844.92 ლარი, გ) ნაწილით - 7 071 გადამხდელს 5 001 083.50 ლარი.