მდინარე მტკვრის უპრეცედენტოდ მასშტაბური გაწმენდითი სამუშაოები იწყება. როგორც თბილისის მერიიდან იუწყებიან, გატარდება კომპლექსური ღონისძიებები , რომელშიც თბილისის მერიისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები ჩაერთვებიან.
მდინარე მტკვარი სპეციალური ტექნიკის საშუალებით გაიწმინდება წლების განმავლობაში დაგროვილი სხვადასხვა სახის ნარჩენისგან, ლამისგან, ლაქაშისგან და ა.შ. განხორციელდება ხეების სხვლა-ფორმირება, ის ხე-მცენარეები კი, რომლებიც გამხმარია, ან მტკვრის ჯებირს აზიანებენ, მოიჭრება.
სამუშაოებში თბილისის მერიის კეთილმოწყობისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის თანამშრომლები, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლები, ასევე, შსს-ს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები, მათ შორის ალპინისტები ჩაერთვებიან. პროცესის მიმდინარეობისას, დაცული იქნება უსაფრთხოების ყველა ზომა, რომელსაც მერიის შესაბამისი სამსახურები უზრუნველყოფენ.
გაწმენდითი სამუშაოები თავდაპირველად ორ ლოკაციაზე განხორციელდება - ორთაჭალის ჰესის მიმდებარედ და მარცხენა სანაპიროზე მდებარე ერთ-ერთ გზაჯვარედინთან (რესტორანი „აფხაზეთი“-ს მიმდებარედ).
კომპლექსური ღონისძიებების ციკლი ხვალ, 21 თებერვალს დაიწყება.