დაახლოებით 5 თვეში მოსახლეობას გაზის ტარიფი გაუძვირდება. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი თეთრით მოიმატებს გადასახადი. ფაქტია, რომ ბუნებრივი აირის ტრანზიტთან დაკავშირებით "გაზპრომთან" ხელისუფლების წარუმატებლობის საზღაურს - გაძვირების სახით, მოსახლეობა გადაიხდის. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ გაზის ტარიფის ზრდას სოციალური უკმაყოფილება მოჰყვეს, რამდენადაც ეს სოციალურ ფონს ქვეყანაში მკვეთრად გააუარესებს.
თითქმის გადაწყვეტილია, რომ სატარიფო ცვლილება ზაფხულიდან განხორციელდება. აგვისტომდე გაზგამანაწილებელ კომპანიებს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში განაცხადები წარდგენილი ექნებათ. ამის შემდეგ ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყება.
ეს სატარიფო ცვლილების მხოლოდ ერთი მხარეა. ცხადია, რომ შეგნებულად შეირჩა ზაფხულის პერიოდი, რათა მომხმარებლებისთვის გაზის გაძვირება არ იყოს მტკივნეული. ზოგიერთისთვის ეს პროცესი, სეზონიდან გამომდინარე, შეუმჩნეველიც იქნება. უკვე მომავალ ზამთარში საგადასახადო ტვირთის სიმძიმეს უკლებლივ ყველა ოჯახი იგრძნობს.
ამიერიდან სემეკი ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანიებისთვის ტარიფებს ყოველწლიურად დაითვლის. ორგანიზაციაში არ მალავენ, რომ ტარიფის გადახედვა იგეგმება. როგორც ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრმა გოჩა შონიამ "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას განმარტა, 2017 წელს მოსახლეობას ახალი ტარიფები ექნება, რაშიც სემეკი კომპანიებისთვის ლარის გაუფასურების შედეგებსა და ქსელში განხორციელებულ ინვესტიციებს გაითვალისწინებს.
"წელს მოხდება გაზის გამანაწილებელი კომპანიებისთვის სატარიფო რეგულირება. შესაბამისად, ამ კომპანიებისთვის ტარიფი გადაიხედება. ბუნებრივი აირის სექტორში სამომხმარებლო ტარიფების გადათვლა 2006 წლის შემდეგ აღარ განხორციელებულა. 10 წელია, გაზგამანაწილებელი კომპანიები ერთი და იმავე ტარიფით მუშაობენ.
მოგეხსენებათ, რომ შარშან ტარიფს ელექტროენერგეტიკის და წყალმომარაგების სექტორში გადავხედეთ. ამ ეტაპზე აქცენტი გაზის გამანაწილებელ კომპანიებზე გავაკეთეთ. უფრო სწორად, წარმოვადგინეთ პროექტი და 31 მარტამდე აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით დაინტერესებულ პირებს მოსაზრებების გამოთქმა შეეძლებათ, შემდეგ კი კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.
ძალიან რთულია წინასწარ საუბარი, გაიზრდება თუ არა მოსახლეობისთვის კომუნალური გადასახადი, ჯერ უნდა შევისწავლოთ კომპანიების სატარიფო განაცხადი. ტარიფი რომ გადაიხედება უდავოა, მაგრამ არ ვიცით, რა ცვლილებას მოვახდენთ", - აცხადებს შონია და დასძენს, რომ საფუძვლიანად მოხდება კომპანიების ფინანსური მდგომარეობის შესწავლა, რის საფუძველზეც მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება.
"როგორც ვიცით, "სოკარმა" წელს მნიშვნელოვანი ინვესტიცია განახორციელა გაზიფიცირების მიმართულებით. შესაბამისად, ეს კომპონენტი ტარიფზეც მოახდენს გავლენას, მაგრამ კონკრეტულად როგორი იქნება იგი, ამას მომავალში ვნახავთ. ალბათ, ლარის კურსიც იმოქმედებს, ამ გავლენას ვერ გავექცევით.
როგორც წესი, გარკვეული კატეგორიის მომხმარებელს ფასი აქვს თავისუფალი, ანუ რეალურად შეძენა, მიწოდება თავისუფალი ფასით ხდება. ცხადია, ეს არ არის საყოფაცხოვრებო სექტორი, სადაც ტარიფი რეგულირებულია (გარდა ახალი მომხმარებლებისა). პროცედურა აბსოლუტურად იგივეა, რაც დენის ტარიფის დადგენისას", - განმარტავს გოჩა შონია.
სამომხმარებლო გაზის გაძვირების გადაწყვეტილებამ სპეციალისტები შეაშფოთა. ისინი არ მალავენ, რომ ქვეყანაში სოციალური ფონი დამძიმდება და ეს სამომავლო უკმაყოფილების გამომწვევიც შეიძლება გახდეს. გაზის მოსალოდნელი გაძვირების მიზეზად კომპანიების საინვესტიციო ხარჯი არადამაჯერებლად მიაჩნია ენერგეტიკოს თემურ ჭიჭინაძეს, რომელსაც ოდნავადაც არ ეპარება ეჭვი, რომ ტარიფთან დაკავშირებით გადაწყვეტილება "გაზპრომთან" დადებული ხელშეკრულების შედეგია.
"როგორც კი გახდა ცნობილი, რომ "გაზპრომთან" მოლაპარაკებისას პოზიცია დავთმეთ, გაზის ტარიფის გაძვირება გარდაუვალი მომეჩვენა. ასე მოხდება კიდევაც, თუმცა ასე მალე არ ველოდი. ხელისუფლებამ "გაზპრომთან" წააგო. ამიტომაც დავდექით გაძვირების აუცილებლობის წინ და გადასახადი იზრდება. ამას ვეღარავინ უარყოფს.
თავისთავად ძალიან რთულია ამ ყველაფრის ანალიზის გაკეთება. საქართველოს მოსახლეობისთვის ეს არის ძალიან მძიმე ტვირთი. საერთოდ, საზოგადოება სოციალურ პრობლემასთან დაკავშირებით უკმაყოფილებას იშვიათად გამოხატავს. მიაჩნიათ, რომ გადასახადის გაზრდასთან დაკავშირებით პროტესტის გამოხატვა დამამცირებელია. ამასობაში ისეთ ნიშნულზე გავედით, რომ ამაზე მეტი უკვე რაღას შეიძლება ველოდოთ! სოციალური ფონი კიდევ უფრო გაუარესდება და ამას ყველა ვიგრძნობთ.
პოლიტიკაც ისეთი აქვთ, რომ პრობლემა შეარბილონ. ზაფხულში ხარჯი ნაკლებია, ამიტომ მოსახლეობამ შეიძლება მტკივნეულად არც აღიქვას ტარიფის გაზრდა, მაგრამ შეუმჩნეველი აღარაფერი დარჩება. ზაფხულს შემოდგომა და ზამთარი მოჰყვება და სოციალური ფონის გაუარესება იქნება ამ ყველაფრის შედეგი", - აცხადებს თემურ ჭიჭინაძე.
სოციალური ფონის დამძიმებას ელის ენერგეტიკოსი რეზო არველაძეც, თუმცა, კოლეგისგან განსხვავებით, გაზის სატარიფო პოლიტიკას "გაზპრომთან" ხელშეკრულების ცვლილებას არ უკავშირებს.
"ვერაფერს ვიტყვი, ძალიან ძნელია ცალსახად იმის თქმა, თუ რატომ გადაწყვიტეს სატარიფო პოლიტიკის გადახედვა. 2006 წლის შემდეგ ტარიფი არ გაზრდილა. შესასყიდი ფასი არ შეცვლილა, მაგრამ ვალუტის კურსმა გარკვეული გავლენა მართლაც მოახდინა. ფაქტია, რომ ყველა გაზის გამანაწილებელი კომპანია, მათ შორის "სოკარი", "გაზის ტრანსპორტირების კომპანია" და სხვა, შემოიტანს განაცხადს, მაგრამ არ იქნება დაკავშირებული "გაზპრომის" ხელშეკრულებასთან.
როგორც ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, ეკონომიკური თვალსაზრისით, ფულით გადახდასა და ნატურით გადახდას შორის დიდი ცვლილება არ არის. ამ პოზიციას ვეთანხმები, მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკების დეტალები ჩემთვის უცნობია", - აცხადებს რეზო არველაძე.
ასეა თუ ისე ზაფხულში მთელი ქვეყნის მასშტაბით გაზი გაძვირდება. რამდენით გაიზრდება ტარიფი და რა გავლენას მოახდენს იგი ადგილობრივ წარმოებაზე, ეს ჯერჯერობით უცნობია.
მარი ჩიტაია
გაზეთი "რეზონანსი"