პირუტყვის სულადობა გაიზარდა, თუმცა, ხორცის წარმოებამ მაინც მოიკლო

2013 წლის მეოთხე კვარტალის ბოლოსთვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წელთან შედარებით 9.7%-ით გაიზარდა და 1 მილიონ 239 ათასს მიაღწია, აქედან ფურის რაოდენობამ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 600 ათასი სული შეადგინა.

ცხვრისა და თხის ჯამური რაოდენობა 767 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 3%-ით აღემატება შარშანდელ მაჩვენებელს, ღორის სულადობამ კი 6%-ით მოიმატა, 217 ათას სულამდე.

5.7%-იანი ზრდა დაფიქსირდა ფრინველის წარმოებაში, რომლის სულადობამ, 6 მილიონ 511 ათას ფრთას მიაღწია.

რაც შეეხება ხორცს, მისი წარმოება 6.9%-ით, 16.3 ათას ტონამდე შემცირდა. უმნიშვნელოდ, 0,3%-ით მოიკლო კვერცხის წარმოებამაც და 115.1 მილიონი ცალით განისაზღვრა.

საპირისპირო ტენდენცია დაფიქსირდა რძის ინდუსტრიაში, სადაც გამოშვებული პროდუქციის ზრდამ 0.6% შეადგინა, ანუ - 101.5 მილიონი ლიტრი.