ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, საპენსიო რეფორმის პირველი ეტაპის დაწყების ვადად 2017 წლის სექტემბერი განისაზღვრა და მას სჯერა, რომ რეფორმა დათქმულ ვადებში ამოქმედდება.
„რამდენადაც საქმის კურსში ვარ, ეს ვადა ძალაშია. რა თქმა უნდა, აქ საჭირო იქნება კანონში ცვლილება. ვფიქრობ, სექტემბრამდე საკმარისი ვადა იქნება იმისთვის, რომ ყველა დეტალი გავლილი იქნას და მჯერა, რომ ეს რეფორმა ამოქმედდება დათქმულ ვადებში“, - განუცხადა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.
იგეგმება დაგროვებითი საპენსიო მოდელის ამოქმედება. საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ოთარ ძიძიკაშვილის ინფორმაციით, თანამონაწილეობის პრინციპი იქნება შემდეგი: მოქალაქე საპენსიო ფონდში 2%-იან შენატანს განახორციელებს, ასევე დამსაქმებელი და სახელმწიფო ვალდებულები იქნებიან დამატებით 2-2% გადაურიცხონ საპენსიო ანგარიშზე. მთლიანი შენატანი იქნება 6%, რომელიც არ დაიბეგრება. დაგროვებით საპენსიო სისტემაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია.