ფონდი "ქართუ" მსახიობებისა და სპორტსმენების დასაფინანსებლად სამინისტროებს გრანტს გამოუყოფს

ფონდი "ქართუ" განათლების, ხელოვნებისა და სპორტის წარმომადგენლებს ამიერიდან შესაბამისი სამინისტროების მეშვეობით დააფინანსებს, - ამის შესახებ ფონდის იურისტმა, ნინო კიკნაძემ განაცხადა.

"ჩვენს ფონდში სპორტსმენების, ხელოვნებისა და განათლების წარმომადგენელთა დაფინანსებასთან დაკავშირებით გარკვეული ცვლილებებია. გადაწყდა, რომ შესაბამის სამინისტროებს გადაეცემათ თანხები გრანტის სახით და ყველა, ვინც ფონდისგან დახმარებას იღებდა, ამიერიდან თანხას განათლების, სპორტისა და კულტურის სამინისტროებისგან მიიღებს. ასე რომ, ფონდი დაფინანსების პროგრამას აგრძელებს, თუმცა, ხელშეკრულების მეორე მხარე შესაბამისი სამინისტრო იქნება", - განაცხადა "ქართუს" იურისტმა.

ნინო კიკნაძის განმარტებით, შესაბამისი სამართლებრივი წინაპირობის მოსაწესრიგებლად სამინისტროებს გარკვეული დრო სჭირდებათ და ისინი დახმარების გაცემას თებერვლის ბოლოდან შეძლებენ.

"თანხების რაოდენობა და დასაფინანსებელ პირთა სია არ შეიცვლება. აქვე მინდა აღვნიშნო ისიც, რომ ყველა მიიღებს იანვრისა და თებერვლის დაფინანსებასაც, რომელიც მათ აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებული პროცედურების გამო არ ჩარიცხვიათ. ასე რომ, სანერვიულო არავის არაფერი აქვს", - აღნიშნა კიკნაძემ.

დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ბიძინა ივანიშვილმა მსახიობებს დახმარება მოუხსნა.