ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის 17 თებერვლის ბრძანებით, „კომერციული ბანკების ლიცენზირების წესში“ ცვლილებები შევიდა. კერძოდ, საუბარია, ერთი კომერციული ბანკის მიერ მეორის მიერთების პროცედურაზე.
როგორც ბრძანებაშია ნათქვამი, კომერციული ბანკის მიერთებაზე ეროვნული ბანკის თანხმობის მისაღებად წარდგენილ დოკუმენტაციას უნდა დაერთოს ასევე კომერციული ბანკების საერთო კრების გადაწყვეტილება მიერთების თაობაზე; და ბიზნეს-გეგმა, რომელიც მოიცავს ფინანსური მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტების (ბალანსები, ანგარიშგებები) პროექტებს ერთი ბანკის მიერთებისას მეორეზე.
აღნიშნული დოკუმენტების განხილვის შემდეგ არაუგვიანეს ერთი თვისა ეროვნულმა ბანკმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და კომერციულ ბანკს წერილობით აცნობოს.
ბანკების მიერთების საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, ეროვნული ბანკის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე მიერთებული კომერციული ბანკის საბანკო საქმიანობის ლიცენზია გაუქმებულად ჩაითვლება, ხოლო იმ კომერციული ბანკის საბანკო საქმიანობის ლიცენზია, რომელმაც მიიერთა მეორე, უცვლელი რჩება.
ამასთან, ბრძანების მიხედვით, კომერციული ბანკის გაყოფა ორ ან რამდენიმე კომერციულ ბანკად განიხილება როგორც ახალი კომერციული ბანკების წარმოქმნა და შესაბამისად, მათი ლიცენზირება ამ წესისა და შესაბამისი კანონმდებლობის თანახმად უნდა მოხდეს.