ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკის განვითარება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების გარეშე წარმოუდგენელია.
დასაქმების ზრდისა და სამუშაო ადგილების შექმნის პოტენციალით, ეკონომიკის განვითარებასა და ზრდაში შეტანილი წვლილის გათვალისწინებით, მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორს ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალი შეიძლება ეწოდოს.
ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში, მცირე და საშუალო ბიზნესი მოსახლეობაში საშუალო კლასის ფორმირების საფუძველია, რომელიც ეკონომიკის სტაბილური განვითარების ბაზას წარმოადგენს და მოსახლეობის დიდ ნაწილს ასაქმებს. ამ ქვეყნებში ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში მშპ-ს 50-70%-ს მცირე და საშუალო კომპანიები აწარმოებენ. ყოველივე ამის გათვალისწინებით, განვითარებულ ქვეყნებში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება მაღალი ტემპებით მიმდინარეობს, რადგან ეროვნული მთავრობები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ამ სექტორს და დახმარებას უწევენ.
2014 წლიდან მოყოლებული მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით სამთავრობო პროგრამების განხორციელება საქართველოშიც დაიწყო, მათ შორის პროგრამა „აწარმოე საქართველოში,“ ერთიანი აგროპროექტი, მიკრო და მინი გრანტები, „სტარტაპ საქართველო,“ შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი, დამწყები ბიზნესის ხელშემწყობი პროგრამა, „დანერგე მომავალი“ და სხვა. აღნიშნული პროგრამების ფარგლებში სესხის დიდ მოცულობას სახელმწიფო ფარავს, ნაწილს კი ბენეფიციარი.
თუმცა, ეკონომიკის ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს პროგრამები საკმარისი არ არის და როგორც სახელმწიფომ, ასევე საბანკო სექტორმა მიდგომები უნდა შეცვალოს.
მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებით საქართველოში თითქმის ყველა ბანკია დაკავებული. თუმცა, ბინზესის წარმომადგენელთა განცხადებით, ბანკები კრედიტს საკმაოდ მაღალ პროცენტში გასცემენ, ხშირად კი ისეთ პირობებს სთავაზობენ, რომელიც მათთვის მიუღებელია. ბიზნესმენები ასევე აღნიშნავენ, რომ ბანკების უმრავლესობა გარანტიის სახით ითხოვს აქტივებს - უძრავ ქონებას, საწარმო მოწყობილობას და სხვა, რაც ზოგ შემთხვევაში მცირე ბიზნესს არ გააჩნია. SWOT ანალიზის თანახმად, ფინანსებსა და გრძელვადიან საინვესტიციო რესურსებზე შეზღუდული წვდომა საქართველოში მცირე და საშუალო მეწარმეობის სექტორის სუსტ მხარეებს შორის არის დასახელებული.
თუ ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში მცირე და საშუალო ბიზნესის საკრედიტო განაკვეთი 2,5%-დან 6%-მდე მერყეობს, საქართველოში პირიქით, 6%-დან იწყება. ევროკომისიის 2016 წლის ანგარიშის თანახმად, საფრანგეთში, ბელგიაში, ლუქსემბურგში, ლიტვასა და მალტაში მცირე და საშუალო ბიზნესზე სესხებს ადგილობრივი ბანკები 2,5%-ზე ნაკლებად გასცემენ, ირლანდიაში, ლატვიაში, საბერძნეთში, სლოვაკიასა და პორტუგალიაში კი 4-5%-ია. ევროკავშირის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის კვიპროსში მოქმედებს 6-6,6%, ყველაზე დაბალი კი ავსტრიაშია - 2,34%.
საქართველოში ადგილობრივი ბანკების მიერ გაცემულ მაღალ საპროცენტო განაკვეთებს საბანკო ექსპერტთა ნაწილი ამ სექტორში არსებულ მაღალ რისკებს, მათ შორის ბიზნესთან დაკავშირებულ სავალუტო რისკებს უკავშირებს, ნაწილი კი აცხადებს, რომ კომერციული ბანკები მევახშეებად გადაიქცნენ.
ეკონომიკის ექსპერტი დავით ასლანიშვილი აღნიშნავს, რომ შუამავალი სტრუქტურები ძირითადად იოლი ფულის შოვნაზე არიან გადასული.
„რა თქმა უნდა, საერთაშორისო სტანდარტებთან და განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით, საკმაოდ ძვირია სესხები, ვადიანობა არის მცირე და საპროცენტო განაკვეთი 3-4-ჯერ და მეტჯერ აღემატება იმ საპროცენტო განაკვეთს, რაც აქვს მცირე და საშუალო ბიზნესს ევროპის ქვეყნებში. სამწუხაროდ, ჩვენი შუამავალი სტრუქტურები ძირითადად იოლი ფულის შოვნაზე არიან გადასული. მიღებული საერთაშორისო რესურსები იქნება თუ ადგილობრივი დეპოზიტარების ფული ძირითადში მიემართება არამწარმოებელი დარგებისკენ - უძრავი ქონების სექტორში, ფარმაციაში, მშენებლობაში. რეალურად კი დაფინანსება რომ მოდიოდეს უშუალოდ და პირდაპირ მცირე ბიზნესზე, მოვაჭრეების დაფინანსებზე, სახელოსნოებზე, ამ შემთხვევაში ჩვენი ეკონომიკური განვითარება და პერსპექტივები იქნებოდა უფრო წარმატებული და მართლაც ორნიშნა ზრდა გვექნებოდა“, - აცხადებს დავით ასლანიშვილი.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ მთავარია ბანკების ტრანსფორმაცია მოხდეს და კომერციული მევახშე ბანკები საინვესტიციო ბანკებად გადაიქცნენ.
„სამწუხაროდ, ჩვენთან საინვესტიციო ბანკირების მხრიდან ბიზნეს იდეების დაფინანსება ვერ ხერხდება. ჩვენთან არის მხოლოდ კომერციული სესხი. კომერციულ ბანკებს კი ჩაკლული ჰყავს საფონდო ბაზარი, საბროკერო კომპანიები ბოლომდე არიან განადგურებული. ეს არის მთავარი პრობლემა. სახელმწიფოს როლი უნდა იყოს, რომ ასეთი ანაქრონიზმი მოსპოს. ჩვენთან მცირე და საშუალო ბიზნესი მსხვერპლად არის შეწირული შუამავალი მევახშე კომერციულ საბანკო კაპიტალიზმისთვის“, - აცხადებს დავით ასლანიშვილი.
„საზოგადოება და ბანკების“ ექსპერტის, გივი ადეიშვილის შეფასებით, საქართველოში საპროცენტო განაკვეთი გამოსახავს ვალუტის ღირებულებას, ასევე იმ რისკებს, რომელიც ბაზარზე არის.
„თუ ბაზარი მაღალრისკინია, როგორც იცით საპროცენტო განაკვეთი იზრდება, ვინაიდან გვაქვს საქმე მაღალ საპროცენტო რისკთან. როგორც წესი, უცხოურ ვალუტაში უფრო დაბალია საპროცენტო განაკვეთები, ხოლო ეროვნულ ვალუტაში უფრო მაღალია. საქართველოში უფრო მაღალი რისკებია და ასევე ფინანსური რესურსის მოძიება გაცილებით ძვირი ჯდება, ვიდრე ევროპის ნებისმიერ ქვეყნებში“, - აღნიშნავს გივი ადეიშვილი.
საქართველოს ბანკების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი გიორგი ცუცქირიძე კი მიიჩნევს, რომ თუ ეროვნული ბანკის მხრიდან ბანკებისადმი ნორმატიული მოთხოვნები შერბილდება, ბანკებს უფრო გაუადვილდებათ ბიზნეს სესხების გაცემა და შესაბამისად, პროცენტის დაწევა.
"უნდა ითქვას, რომ როცა ბანკი სესხს გასცემს, ის ახდენს გარკვეულ პარამეტრებზე სწორებას, მათ შორის ბიზნესის მოგების შეფასებას, რეზერვების შექმნას, უძრავი ქონების შეფასებას და გარკვეული ლიმიტები აქვს დაწესებული ეროვნული ბანკის მხრიდან, რომ ეს რისკები იყოს დაზღვეული. ჩვენ გარკვეული შეთავაზება წარვუდგინეთ ეროვნულ ბანკს და იმედია, თუ ეს შეთავაზება გათვალისწინებული იქნება და თუ შერბილდება ნორმატიული მოთხოვნები ბანკებისადმი, მათ უფრო გაუადვილდებათ ბიზნეს სესხების გაცემა და პროცენტიც დაიწევს“, - აღნიშნავს გიორგი ცუცქირიძე.
ექსპერტები ასევე აღნიშნავენ, რომ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის დიდი შვება იქნება თუ სესხების ევროპული საპროცენტო განაკვეთით გაცემა დაიწყება. პირველი სესხი ევროპული განაკვეთით საქართველოში ცოტა ხნის წინ „გერმანიის პროკრედიტ ბანკმა“ „პალიტრა ჯგუფს“ გამოუყო.
„პროკრედიტ ბანკ გერმანიას“ მიერ საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ხელსაყრელი პირობებით სესხების გაცემას დადებითად აფასებს „საზოგადოება და ბანკების“ ანალიტიკოსი გივი ადეიშვილი. მისივე თქმით, კონკურენცია ამცირებს საპროცენტო განაკვეთს.
„ძალიან კარგია, თუ რომელიმე ფინანსური ინსტიტუტი დამატებით ფინანსურ რესურსებს მოიძიებს და გასცემს უფრო დაბალ საპროცენტო განაკვეთში, ეს ნიშნავს, რომ შესაძლოა აღნიშნული კომპანიის რისკები, რომელზეც სესხი გაიცა, შემცირდა. ასევე შესაძლოა დამატებით ფინანსური რესურსი წარმოიშვა, რომელიც კონკურენციას ხელს შეუწყობს. ჩვენი მოტივაციაა, მოვიზიდოთ, რაც შეიძლება მეტი ფინანსური რესურსი, რომ შევაცმიროთ საპროცენტო განაკვეთები. თუმცა, საპროცენტო განაკვეთებს მხოლოდ ფინანსური რესურსების მოძიებით ვერ შევამცირებთ. უნდა შევამციროთ ბაზარზე არსებული გარკვეული რისკებიც“, - აღნიშნავს გივი ადეიშვილი.
„პროკრედიტ ბანკ გერმანიის“ მენეჯმენტის საბჭოს თავმჯდომარე, კრისტოფ რეიტაგის განცხადებით, "პროკრედიტ ბანკ გერმანიას" სურვილი აქვს გრძელვადიანი, ხელსაყრელი განაკვეთით სესხების გამოყოფა მომავალშიც განავითაროს საქართველოში და უფრო მეტი ბიზნესის კეთებას შეუწყოს ხელი.
„გერმანიის ”პროკრედიტ ბანკი” ”პროკრედიტ ბანკ საქართველოსთან” თანამშრომლობით, ვცდილობთ შევქმნათ ისეთი ვითარება, რომელიც ყველა მხარისთვის - მომხმარებლებისთვის, „პროკრედიტ საქართველოსა“ და „პროკრედიტ გერმანიისთვის“ ასე ვთქვათ, მომგებიანი იქნება. ჩვენ ვაერთიანებთ ჩვენს შესაძლებლობებს საქართველოში ”პროკრედიტ ბანკთან”, რათა დავაკავშიროთ ბიზნესები ერთმანეთს, გადავხედოთ და გავაანალიზოთ საინვესტიციო გეგმები და უზრუნველვყოთ ფინანსების მობილიზება. გერმანიის ”პროკრედიტ ბანკი” იყენებს თავის შესაძლებლობებს, უზრუნველყოს ძალიან იაფი დაფინანსება ასეთი პროექტებისთვის და ამგვარად ვეხმარებით საქართველოში ”პროკრედიტ ბანკს” ბიზნესგანვითარების მიზნით. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, გერმანიის მსგავსი მისაღები პირობებით გრძელვადიანი, ხელსაყრელი დაფინანსების უზრუნველყოფით საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის ღირებულებას ვზრდით. ვფიქრობ, ეს ძალიან კარგია. ჩვენ ვქმნით სიტუაციას, რომელშიც ყველა მხარე სარგებელს იღებს. ვფიქრობთ, ამ კუთხით უნდა განვვითარდეთ და ვისურვებდით, რომ მეტი ბიზნესი გვეკეთებინა საქართველოში”, - განაცხადა ”პროკრედიტ ბანკ გერმანიის“ მენეჯმენტის საბჭოს თავმჯდომარემ, კრისტოფ რეიტაგიმ.
”პალიტრა ჯგუფის” ფინანსური მენეჯერის, ლაშა დევდარიანის განმარტებით კი, ”სასიხარულოა, რომ ქართულ ბაზარზე შესაძლებელი ხდება ასეთი პირობებით კრედიტის მიღება ბიზნესორგანიზაციებისთვის”. მისი თქმით, ეს აუცილებლად დადებით გავლენას იქონიებს ქვეყნის ბიზნესკლიმატზე.
მარი ჯავახიშვილი