"ზედაზენი" და König Pilsener PROD EXPO-ზე წლის საუკეთესო პროდუქტის ტიტულით დაჯილდოვდნენ

ლუდი "ზედაზენი" და König Pilsener ოქროს მედლითა და 2014 წლის საუკეთესო პროდუქტის ტიტულით დაჯილდოვდნენ.

ლუდსახარში "ზედაზენის" მფლობელი "ქართული ლუდის კომპანიის" ინფორმაციით, რუსეთში გამართულ უმსხვილეს საერთაშორისო სავაჭრო გამოფენაზე, გარდა მიმდინარე წლის საუკეთესო პროდუქტის ტიტულისა, ლუდებმა ”ზედაზენი” და König Pilsener ოქროს მედალიც მოიპოვეს.

"ზედაზენმა" გერმანული ლუდსახარშის, Bitburger Braugruppe-ს ერთ-ერთი პრემიუმ ბრენდის, König Pilsener-ის ჩამოსხმა გასული წლის გაზაფხულზე დაიწყო მას შემდეგ, რაც გერმანული კომპანიისგან ლუდის წარმოების უფლება მოიპოვა. შეთანხმების მიხედვით, ლუდის ხარისხის კონტროლის უფლება გერმანულმა მხარემ დაიტოვა.

"ქართული ლუდის კომპანიის" ინფორმაციით, პირველად ქართული წარმოების ისტორიაში, საკვები პროდუქციის საერთაშორისო გამოფენა PROD EXPO-ზე ერთდროულად რამდენიმე ქართული კომპანია იყო წარმოდგენილი.

PROD EXPO რუსეთის ფედერაციის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა.

ქართველი მწარმოებლების განცხადებით, გამოფენაზე მნიშვნელოვანი გარიგებები დაიდო და გაფორმდა რამდენიმე პრინციპული შეთანხმება ეროვნული პროდუქციის რუსეთში ექსპორტირების პერსპექტივით.

10-14 თებერვალს გამართულ ფორუმზე 63 ქვეყნის 2300-ზე მეტი მწარმოებელი მონაწილეობდა.