წლის ბოლომდე ბათუმში სასტუმრო Rooms-ის ოთახების ნაწილი მაინც გაიხსნება. ამის შესახებ Adjara Group Hospitality-ის გენერალურმა დირექტორმა ვალერი ჩეხერიამ ”ბიზნესპრესნიუსთან” საუბარში განაცხადა. მისი განმარტებით, ეს არ იქნება სტანდარტული სასტუმრო.
”გვჯერა, რომ ბათუმის Rooms იქნება ძალიან წარმატებული პროექტი. ვაპირებთ, შევქმნათ ველური ჯუნგლების მსგავსი ტერიტორია, სადაც ბუნგალოები იქნება გაკეთებული და სტუმრებს გართობა და დარჩენა შეეძლებათ. საერთაშორისო კურორტებზე მსგავსი ბუნგალოები ხშირად გვხვდება, თუმცა საქართველოში ეს პირველი იქნება. თავად სასტუმრო ქალაქში იხსნება. მისი ბუნგალო კი ცოტა მოშორებით, ზღვის ნაპირზე გაიშლება,” - ამბობს ჩეხერია.
Adjara Group Hospitality გეგმავს, რომ ბათუმის სასტუმრო 4 სეზონზე იყოს აქტიური. ჩეხერიას თქმით, ბათუმი არ არის მხოლოდ ზაფხულთან და აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული ქალაქი.
”ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობა, რომლიც სასტუმროში სადილისთვის, გასართობად, დასასვენებლად და სამუშაოდ მოვა. მეორე მხრივ, ბათუმი განსაკუთრებით პოპულარულია რუს და თურქ მოგზაურებს შორის. თუმცა ჩვენ არ შევჩერდებით მხოლოდ ქართველ, თურქ თუ რუს სტუმრებზე. უფრო მეტი საერთაშორისო ტურისტი უნდა მოვიზიდოთ ბათუმში, უნდა დავანახოთ, რომ სასტუმრო Rooms-იც და თავად ქალაქიც ძალიან მაგარია,” - ამბობს ჩეხერია.
ჩეხერიას თქმით, ჯგუფში აქტიურად განიხილავენ კახეთში სასტუმროს გახსნის საკითხსაც.
ნანა მღებრიშვილი