კერძო მევახშეებისგან დაზარალებული ადამიანების შესახებ ბევრჯერ გვსმენია. ხშირად ადამიანს, რომელიც მიდის მევახშესთან და მისგან ფულს სესხულობს, სხვა გზა უბრალოდ, არა აქვს: მას სესხის გაცემაზე ბანკიც უარს ეუბნება და მიკროსაფინანსო ორგანიზაციაც...
კერძო მევახშეობის დასარეგულირებლად არანაირი სამართლებრივი ნორმა არ არსებობს. რამდენი ადამიანია ჩართული ამ საქმიანობაში საქართველოში და რა უნდა გაითვალისწინოთ სესხის აღებისას - ამ საკითხზე AMBEBI.GE არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატების" ხელმძღვანელ არჩილ კაიკაციშვილს ესაუბრა.
- რა პრობლემებია კერძო მევახშეობის კუთხით და რა სისტემა მოქმედებს?
- არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატებს" არაერთი მოქალაქე მიმართავს, რომლებიც ე.წ კერძო მევახშეთა მხრიდან თავს დაზარალებულად მიიჩნევენ. ბუნებრივია, აქ საქმე ორ თანასწორუფლებიან სუბიექტს შორის ჩამოყალიბებულ სასესხო ვალდებულებებთან გვაქვს. პრობლემა მაშინ იჩენს თავს, როდესაც პროცენტი და პირგასამტეხლო მაღალია დაწესებული. პრობლემას ფართო გაგებით უნდა შევხედოთ. როდესაც ამ საკითხს ვეხებით, ყოველთვის გამსესხებელია უპირატეს მდგომარეობაში. ჩვენი მოსაზრებითა და პირადი კვლევით, როდესაც ქვეყანაში საბანკო და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები თავისი კაბალური ხელშეკრულების პირობებით მოქალაქეებს არასახარბიელო მდგომარეობაში აყენებენ, მეორეს მხრივ კერძო მევახშეობის საქმიანობა უფრო მეტ რისკებსა და სავარაუდო დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის თუ საბანკო სფეროს საქმიანობა სპეციალური სამართლებრივი ნორმატივებით ასე თუ ისე რეგულირდება. რაც შეეხება მევახშეობას, არანაირი რეგულაცია არ ამ კუთხით არსებობს.
- როგორ შეიძლება ეს სფერო დარეგულირდეს?
- ჩემი აზრით, აუცილებელია რომ სახელმწიფომ თავისი პოზიტიური როლი შეასრულოს და დაიწყოს მუშაობა კანონპროექტზე, რომელიც კერძო მევახშეობას სამართლებრივად დაარეგულირებს.ვფიქრობ, ძალიან კარგი იქნება, თუკი კერძო მევახშეს იურიდიული სტატუსი ექნება განსაზღვრული და ქართული პრაქტიკიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია, კერძო მევახშეს ინდივიდუალური მეწარმის სტატუსი მიენიჭოს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ თუკი საფინანსო და საბანკო კომპანიებს შორის სამართლებრივი ურთიერთობები მოვალეთა რეესტრში ფიქსირდება, კერძო მევახშეობის დროსაც მოვალეთა რეესტრში დაფიქსირდეს. კერძო მევახშეობის საქმიანობა მოვალეთა რეესტრში არ ხვდება. შესაბამისად, არანაირი სტატისტიკა არ არსებობს.
მთავარი პრინციპი, რომელიც უნდა იქნას დაცული ისაა, რომ ლარში გადახდის მექანიზმი უნდა შემუშავდეს. ამ შემთხვევაში ორივე მხარე - მსესხებელიცა და გამსესხებელიც მნიშვნელოვან რისკებს გაითვალისწინებს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საკანონმდებლო რეგულაციამ განსაზღვროს, რა ითვლება კერძო მევახშეობად. ეს საკითხები სამართლებრივი რეგულაციებშია მოსაქცევი.
- უფრო მეტად რომელი მხარე ზარალდება?
- კერძო მევახშეობა, რომელსაც არ აქვს სამართლებრივი ფორმა, ყოველთვის აზარალებს მეორე მხარეს, ანუ მსესხებელს, რომელიც აღმოჩნდება მაღალი პირგასამტეხლოს წინაშე და ხშირ შემთხვევაში, ქონების დაკარგვის საფრთხის წინაშე დგება. როდესაც სესხის ხელშეკრულება არ იდება, სიტუაციას ეს კიდევ უფრო ართულებს.
- სანამ ეს საკითხი სამართლებრივად დარეგულირდება, რა უნდა გაითვალისწონოს მსურველმა?
- ვიდრე საკითხი რეგულირებადი სფერო გახდება, აუცილებელია, რომ სესხის მიმღებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი პრინციპი გაითვალისწინოს, რაც ერთგვარი რისკების პრევენცია იქნება.
პირველი - აუცილებელია ეს გარიგება რეგისტრირებული იყოს ხელშეკრულების საფუძველზე და ასევე, ნოტარიუსთან დამოწმებული, რადგან სადაო საკითხების შემთხვევაში, მნიშვნელოვანია ხელშეკრულების პირობები და არსი.
ხელშეკრულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს კონკრეტული პროცენტი და ამ პროცენტის გადაუხდელობის შეთხვევაში, კონკრეტული პირგასამტეხლო. შესაძლებელია აქ გათვალისწინებული იქნეს მსესხებლის სოციალური მდგომარეობა, რადგან ხშირ შემთხვევაში, როდესაც ხელშეკრულება არ არსებობს, ამ გარემოებას ყურადღება არ ექცევა.
ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გადახდის გრაფიკს. იმ შემთხვევაში, თუკი ასეთი საკითხები გათვალისწინებული არ არის და თან ნოტარიუსთანაც არ არის დამოწმებული, სასამართლოში ძალიან ძნელია მსესხებლის ინტერესების დაცვა.
- რამდენად დიდ თანხებზეა ხოლმე საუბარი?
- სამწუხაროდ, ძალიან დიდ თანხებზეა საუბარი. მაგალითად, ნებისმიერ მეტროსთან რომ ჩაიაროთ, თუნდაც გლდანის მეტროსთან, სადაც ხშირად მიწევს ხოლმე მოძრაობა, მოქალაქეები არიან, რომლებიც საზოგადოებას პირადობის მოწმობის საფუძველზე სესხს სთავაზობენ. დავინტერესდი - სესხი იწყებოდა ათასი ლარიდან და 10 000 ლარზე მეტი შეეძლო კონკრეტულად იმ პიროვნებას გაეცა. თუმცა, უკვე საჭირო იქნებოდა ცნობა, ვფლობდი თუ არა უძრავ ქონებას. მთავარი პრობლემა რეგულაციის უქონლობაშია. ასეთი გარიგებები დასაშვებია, მაგრამ უნდა რეგულირდებოდეს.
ლიკა ამირაშვილი