”კულამ” რუსეთის ბაზარი წარმატებით აითვისა

გორის ბავშვთა კვების საკონსერვო ქარხნის მენეჯმენტი, რომელიც კონსერვებს ”კულას” ბრენდით უშვებს, რუსეთში პროდუქციის ექსპორტის მოცულობით კმაყოფილია.

როგორც კომპანიის დირექტორმა, ივანე გოგლიძემ bpn.ge-ს განუცხადა, ”კულამ” კონსერვების საცდელი პარტია რუსეთში გასული წლის შემოდგომაზე გაგზავნა, მას შემდეგ ექსპორტმა რეგულარული ხასიათი მიიღო და ყოველთვიურად, დაახლოებით, 60 ტონა პროდუქციას ყიდის.

”უკვე შევედით მოსკოვში, პეტერბურგში, კრასნოიარსკსა და სხვა დიდ ქალაქებში. სადისტრიბუციო არეალს წარმატებით ვაფართოვებთ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პროდუქცია პრაქტიკულად პრემიუმ-სეგმენტზეა გათვლილი”, - აღნიშნა ვანო გოგლიძემ.

თუმცა, როგორც გორის სასურსათო ქარხანაში აღნიშნავენ, რუსეთს მათ საექსპორტო ბაზრებში მაინც მცირე ნაწილი უკავია. ”კულას” კონსერვები, ძირითადად, ისრაელში, აშშ-ში, გერმანიაში, ბალტიისპირეთსა და უკრაინაში იყიდება.