საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული ალკოჰოლური სასმელების , აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე ერთი მეწარმე დააკავა.
როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან იუწყებიან, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული, მისი კუთვნილი მაღაზიიდან, სისტემატურად ახდენდა მარკირებას დაქვემდებარებული სპირტიანი ალკოჰოლური სასმელების უაქციზოდ რეალიზაციას, რითაც იგი თავს არიდებდა კანონით დადგენილი აქციზის გადასახადის სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდას. 2017 წლის 21 თებერვალს, საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებული დააკავა უაქციზო სასმელების რეალიზაციისას. მისი მაღაზიის და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია დიდი რაოდენობით BELUGA-ს, FINLANDIA-ს, ,NEMIROFF-ის და სხვა დასახელების უაქციზო არაყი.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.