მილიარდერი, რომელმაც პირველი ბიზნესი 10 წლის ასაკში დაიწყო

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ამერიკელი მაგნატი, 84 წლის შელდონ ადელსონი „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სპონსორი და ტრამპთან დაახლოებული პირია, გავრცელდა ხმები, რომ მილიარდერს დიდი ზეგავლენა გააჩნია აშშ-ის მთავრობაზე.

ბიზნესმენმა შელდონ ადელსონმა თავისი პირველი საქმე 10 წლის ასაკში გაზეთების გაყიდვით დაიწყო. დღესდღეობით 84 წლის მილიარდერის ქონება 29,4 მილიარდ დოლარს შეადგენს, არის 50-მდე კომპანიის დამფუძნებელი და ერთ-ერთი ყველაზე მდიდრული და ძვირად ღირებული სასტუმრო-გასართობი კომპლექსის Las-Vegas Sands-ის მფლობელი. ადელსონს სამშობლოში კაზინოების მაგნატს უწოდებენ, რომელიც ონლაინ-კაზინოებისა და მარიხუანას ლეგალიზაციის მოწინააღმდეგეა.

შელდონ ადელსონი 1933 წელს ებრაელების ოჯახში დაიბადა. აღსანიშნავია, რომ მისი მშობლები წარმოშობით უკრაინიდან და ლიტვიდან იყვნენ.

ოჯახი ღარიბულად ცხოვრობდა, მამა ბოსტონში ტაქსისტად მუშაობდა, სადაც იძულებული იყო თავისი ისედაც მცირე ხელფასის ნაწილი მაფიისთვის მიეცა. ეს გახლდათ 30-იანი წლები, როდესაც ქვეყანა დიდმა დეპრესიამ მოიცვა, მაფია კი თავისუფლად გრძნობდა თავს.

ერთადერთი, რითიც შელდონს ოჯახის დახმარება შეეძლო, გაზეთების გამყიდვლად ან კურიერად მუშაობის დაწყება და ამით ფულით შოვნა იყო. დიახ, სწორედ ასე დაიწყო მომავალმა მილიარდერმა ფულის შოვნა - გაზეთების გაყიდვით.

თუმცა შელდონი მალე მიხვდა, რომ გაზეთების გაყიდვის საქმეში სისტემა არ არსებობს. ამიტომ საქმეს ლოგიკურად მიუდგა. შეარჩია ყველაზე ხალხმრავალი წერტილები თავის ქუჩაზე. დააყენა ბიჭუნები და დაურიგა გაზეთები გასაყიდად. ყოველი გაყიდული გაზეთიდან მომავალ მილიარდერს თითო ცენტი რჩებოდა.

შემდეგ კიდევ უამრავი რამ სცადა: თევზით ვაჭრობდა, მუშაობდა კურიერად... მოკლედ, რა არ ყოფილა მის ცხოვრებაში!

1979 წელს, როცა ერთ საღამოს კომპიუტერების შესახებ ჟურნალს კითხულობდა, შელდონს შესანიშნავი იდეა მოუვიდა თავში: კომპიუტერის ყველა მწარმოებლისთვის ერთ ადგილას მოეყარა თავი - ყველა საკუთარ თავზე ცალ-ცალკე გაჰყვირის, უმჯობესი არ არის, პოტენციური კლიენტებისთვის ყველას ერთად მოუყარო თავი, როგორც ბაზრობაზე?!

ამ წინადადებით ადელსონმა ამ დარგის წამყვან ბიზნესმენებს მიმართა და, რაღა თქმა უნდა, თანხმობაც მიიღო, რადგან იდეა ყველას მოეწონა. ამგვარად, შელდონმა შექმნა პირველი კომპანია, რომელიც დაკავებული იყო გამოფენების ჩატარებით. საამისოდ ადგილიც იდეალური შეარჩია - ლას-ვეგასი.

საქმე გაიჩარხა და უკვე რამდენიმე წელიწადში კომპანიას შესაძლებლობა ჰქონდა, საკუთარი ფართები შეეძინა და აღარ ექირავა გამოფენებისთვის.

თუმცა, რამდენიმე წელში შელდონ ადელსონმა, თავგადასავლების ნამდვილმა მაძიებელმა, თავი დაანება გამოფენების იდეას, უფრო სწორედ, იაპონელებს მიჰყიდა კომპანია 862 მილიონ დოლარად, თავად კი სათამაშო ბიზნესით დაკავდა. ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ ეს საქმეც შესანიშნავად გამოუვიდოდა.

ცნობილი Venetian Resort Hotel Casino მას ეკუთვნის, მაგრამ ეს ერთადერთი კაზინო არ გახლავთ. სათამაშო ბიზნესის განვითარება მან სინგაპურშიც მოახერხა, რომელიც გართობის ამ სფეროში ლას-ვეგასს ტოლს არ უდებს.

შელდონ ადელსონი აფასებს თავის ფესვებს. წმინდა სისხლის ებრაელი, მილიონობით დოლარს ხარჯავს ებრაული ცენტრების ასაშენებლად, ებრაელი ახალგაზრდების ისრაელში მოგზაურობაზე, რომლებსაც თავიანთი ისტორიული სამშობლოს შესახებ მეტის გაგება სურთ. მოკლედ, მხარს უჭერს ისრაელს ფინანსურად და მორალურადაც, როგორც ნამდვილი პატრიოტი.

ადელსონი ცნობილია, როგორც მარიხუანას ლეგალიზაციის მოწინააღმდეგე და ამისთვის საკმაოდ ძალიან ტრაგიკულია: ბიზნესმენის ორივე ვაჟი - მიტჩელი და ჰარი ნარკოდამოკიდებულები იყვნენ. 2005 წელს კი მიტჩელი ნარკოტიკის ზედმეტი დოზით გარდაიცვალა. სწორედ მაშინ გადაწყვიტა ადელსონმა, მიეხედა ამ პრობლემისთვის. ბიზნესმენი მილიონობით დოლარს სწირავს მარიხუანას ლეგალიზაციასთან ბრძოლას. ზოგიერთი წყარო მიიჩნევს, მას შემდეგ, რაც ადელსონმა Las-Vegas Review-Journal შეიძინა, გაზეთმა მიმართულება შეიცვალა და ნევადაში მარიხუანის ლეგალიზაციას უკვე მხარს აღარ უჭერს.

შელდონი ძალიან მრავალმხრივი და შემოქმედებითი ადამიანია. როგორც თავად ამბობს, 50-მდე კომპანია შექმნა მთელი ცხოვრების მანძილზე, უამრავი საქმით იყო დაკავებული, მათ შორის გაყიდვებით, ტურიზმით, გამოფენებით, მედიცინით... მაგრამ შელდონის მთავარი სიყვარული მაინც სათამაშო დაწესებულებებია, ალბათ იმიტომ, რომ თავადაც სულით მოთამაშეა. თუმცა ის კაზინოს მაგივრად, ბიზნესში თამაშობს და მუდამ იგებს კიდეც.

”დიახ, მიხარია, რომ ბევრი ფული მაქვს, რადგან ეს საშუალებას მაძლევს, კეთილი საქმეები ვაკეთო”- ამ ფრაზას ამერიკელი მილიარდერი ხშირად იმეორებს.

დუდანა ზაქარაია