ფინანსთა სამინისტრო საგადასახადო დავების განხილვას რეგიონებშიც იწყებს

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მიმდინარე თვიდან საგადასახადო დავების განხილვის საბჭოს გასვლით სხდომებს რეგიონებშიც გამართავს.

როგორც ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, ინიციატივის შედეგად, საქართველოს რეგიონების მაცხოვრებლებს საბჭოში შეტანილი საჩივრების განსახილველად დედაქალაქში ჩამოსვლა აღარ დასჭირდებათ, რაც მათ დანახარჯების შემცირებისა და დროის დაზოგვის შესაძლებლობას მისცემს.

პირველი გასვლითი სხდომა იმერეთის რეგიონში, მიმდინარე წლის 20 თებერვალს, ქალაქ ქუთაისში გაიმართება. სხდომაზე განიხილება იმერეთის რეგიონიდან გადასახადის გადამხდელთა 25 საჩივარი.

დავების საბჭოს სხდომას ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი უხელმძღვანელებს.

ყოველ მომდევნო გასვლით სხდომას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო კონკრეტული რეგიონიდან შემოსული საჩივრების რაოდენობის მიხედვით გამართავს.

”აღნიშნული ინიციატივა ფინანსთა სამინისტროს პოლიტიკის ფარგლებში ხორციელდება, რომლის მიზანიც დავების განხილვის საბჭოს მუშაობის გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელთა ინტერესების დაცვის უზრუნველყოფაა”, - აცხადებენ სამინისტროში.