საქართველოში 14 სადაზღვევო კომპანია მოქმედებს. რაოდენობრივად, ყველაზე მეტი პოლისი "ალდაგს" აქვს გაცემული, თუმცა "ჯი პი აი ჰოლდინგი" ყველაზე მეტ - ხუთ კატეგორიაში არის ლიდერი გაცემული პოლისების რაოდენობის მხრივ.
ამჟამად საქართველოში 18 ტიპის სადაზღვევო პოლისი გაიცემა. მათგან ყველაზე პოპულარული საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის ბოლო მონაცემებით, სიცოცხლის დაზღვევაა 1 056 791 გაცემული პოლისით. ამ კატეგორიაში ლიდერი სადაზღვევო კომპანიების სამეული ასე გამოიყურება: "ალდაგი" 650 324 პოლისით, "ჯი პი აი ჰოლდინგი" 193 898 პოლისით და "პსპ დაზღვევა" 86 071 პოლისით.
სადაზღვევო პროდუქტებს შორის მეორე პოზიციაზე ჯანმრთელობის დაზღვევაა 543 131 აქტიური პოლისით.
სამოგზაურო დაზღვევაც ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია ქართულ სადაზღვევო ბაზარზე 155 913 პოლისით.
არანაკლებ პოპულარულია სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევა, იგივე ავტომობილების დაზღვევა, რომელთა რაოდენობა ბოლო მონაცემებით 54 443-ს შეადგენს. რაოდენობით ავტოდაზღვევას წინ უსწრებს უბედური შემთხვევის დაზღვევა - 163 687 პოლისით. საკმაოდ პოპულარულია ასევე ქონების დაზღვევაც- 161 410 პოლისით.
ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი ახალი პროდუქტია საკრედიტო ვალდებულებათა დაზღვევა, რაც გულისხმობს იმ პასუხისმგებლობის დაზღვევას, რომელიც აიღეთ ბანკის წინაშე და რომლის შესრულებაც აუცილებელია. თუ დაზღვეული ვეღარ ახერხებს საკრედიტო ვალდებულების შესრულებას, ამას სადაზღვევო კომპანია გააკეთებს გარკვეული პერიოდის განმავლობაში. ამ კუთხით 402 აქტიური პოლისია ამჟამად საქართველოში.
საინტერესოა ასევე სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა, რაც გულისხმობს დაზღვეულის სამართლებრივ პასუხისმგებლობს, რომ აუნაზღაუროს მესამე მხარეს მისი ქონების/ ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანი დაზღვეული საქმიანობის განხორციელებისას. შესაბამისად დაზარალებულ მხარეს სადაზღვევო მხარე უხდის მიყენებულ ზარალს. ამჟამად საქართველოში სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის 32 248 აქტიური პოლისია.
ჩამოთვილი პროდუქტები ქართულ ბაზარზე საკმაოდ მოთხოვნადია. რასაც ვერ ვიტყვით სხვა სახის პოლისებზე, მაგალითად იურიდიული ხარჯების დაზღვევაზე. ამ მომსახურებას ქართული სადაზღვევო კომპანიები სთავაზობენ მომხმარებელს. თუმცა ამჟამად არცერთი პოლისი ამ პროდუქტზე გაცემული არაა.
თანამედროვე ცხოვრების სტილიდან გამომდინარე ფინანსური დანაკარგებისგან არავინ არის დაზღვეული. ამიტომ სადაზღვევო კომპანიებმა შეიმუშავეს ერთ-ერთი ახალი პროდუქტი - დაზღვევა საფინანსო დანაკარგებისაგან. ამ კუთხით სადაზღვევო კომპანიების პროდუქტები ერთმანეთისგან განსხვავდება. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ბარათით ბანკომატიდან აღებული ფულის გატაცება, ძარცვა ან ყაჩაღობის გზით ძარცვა ისევე, როგორც საბაჟო ვალდებულებათა შეუსრულებლობის დროს მიღებული ფინანსური ზარალი. ყველა საქმიანობას განსხვავებული ფინანსური ზარალი აქვს და შესაბამისად განსხვავდება შეთავაზებული პროდუქტებიც. საქართველოში ფინანსური დანაკარგების დაზღვევის 15 117 აქტიური პოლისია. იხილეთ გაგრძელება