აგარაკი კანარის კუნძულებზე და 6 საცხოვრებელი სახლი - როგორია მილიონერი ქართველი დეპუტატის ქონება

აგარაკი კანარის კუნძულებზე, რამდენიმე ბინა და საცხოვრებელი სახლი საქართველოში, ჯამში 14 გვერდიანი ქონებრივი დეკლარაცია - ასეთია საქართველოს პარლამენტის მილიონერი დეპუტატის, კობა ნაყოფიას დეკლარირებული ქონებრივი მდგომარეობა.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი კობა ნაყოფია ერთ-ერთია, რომელიც რამდენიმე დღის წინ მონიტორინგის ცენტრის "მედიატორის" მიერ გამოქვეყნებულ მილიონერ დეპუტატთა სიაში მოხვდა. კვლევის თანახმად, პარლამენტში დღეს 41 დეკლარირებული მილიონერი დეპუტატია, რომელთა უძრავ-მოძრავ ქონების ღირებულება ჯამში 1 მილიონს აღემატება. ნაყოფიას უძრავ-მოძრავი ქონება კი კვლევის თანახმად, 8 მილიონ ლარზე მეტს ითვლის.

კობა ნაყოფიამ ბოლო დეკლარაცია 2016 წლის 23 ივნისს შეავსო. დეკლარაციის თანახმად, 2015 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ნაყოფიას შემოსავალმა პარლამენტის წევრობიდან 55 485 ლარი შეადგინა.

დეკლარაციის მიხედვით, დეპუტატი ფლობს 300 კვადრატული მეტრი ფართობის აგარაკს ესპანეთში, კანარის კუნძულებზე. ნაყოფია აგარაკის მხოლოდ 50%-იანი წილის მფლობელია, თუმცა დეკლარაციაში არ არის მითითებული თუ ვინ არის აგარაკის თანამფლობელი.

ასევე ნაყოფიას ეკუთვნის, 55 კვადრატული მეტრი ფართობის ბინა მოსკოვში; 360 კვადრატული მეტრის საცხოვრებელი სახლი გალში; ამავე მისამართზე მდებარე 1 200 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი; 198 კვადრატული მეტრი ფართობის ბინა თბილისში, რამიშვილის ჩიხში; 1 670 კვ. მეტრის მშენებარე საცხოვრებელი სახლი დიღომში და ამავე მისამართზე 11 301 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი.

მილიონერი დეპუტატის მფლობელობაშია თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე 223.30 კვადრატული მეტრი ფართობის ბინა; იმავე მისამართზე 14 კვ. მეტრის ავტოფარეხი; გონიოში მდებარე 836 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი და 400 კვადრატული მეტრი ფართობის მშენებარე სახლი.

გარდა ამისა, კობა ნაყოფიას საკუთრებაშია ხუთი, თითოეული 10 ათას ლარზე მეტი ღირებულების ნივთი. აქედან ორი - ლადო გუდიაშვილის ფერწერული ტილოა. დანარჩენი კი მსუბუქი ავტომობილები - Mercedes Benz GL 500; Mercedec benz S63AMG და ROLLS-ROYCE GHOST.

რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, დეკლარაციის შევსების მომენტში, ნაყოფიას HSBC BANK-ის მიმდინარე ანგარიშზე 5 000 დოლარი; „სითი ბანკში“ მიმდინარეზე 10 000 დოლარი; „როს ბანკის“ მიმდინარე ანგარიშზე კი 200 000 რუბლი ერიცხებოდა.

გარდა ამისა, ,,საქართველოს ბანკში“ 25 000 დოლარის ოვერდრაფტი ჰქონდა; საბარათე ანგარიშზე კი 1 561.58 ლარი ერიცხებოდა; ასევე „თი-ბი-სი“ და „ვი-თი-ბი“ ბანკებში ჯამში 3 451.6 დოლარის ოდენობის ოვერდრაფტი ჰქონდა; „საქართველოს ბანკის“ ამერიკან ექსპრესის ბარათზე 7 480 ევრო; ხოლო UKRSIBBANK, BNP PARIBAS GROUP საბარათე ანგარიშზე 897.02 დოლარი და 1 162 გრივნა ერიცხებოდა. ამასთან, დეკლარაციის შევსებისას ნაღდი ფულადი თანხის სახით დეპუტატს 10 000 ლარიც ჰქონდა.

კობა ნაყოფიას ეკუთვნის ბრიტანეთში, ვირჯინიის კუნძულებზე მდებარე საწარმო Bioneli limited და თბილისში მდებარე კომპანია შპს „გოლდინვესტი“. თუმცა, ორივე კომპანიის მართვის უფლება მინდობილობით ნიკოლოზ ნაყოფიაზე აქვს გადაცემული. ოფშორულ ზონაში - ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებული კომპანიის გამო კობა ნაყოფიას გვარი „პანამის დოკუმენტებშიც“ მოხვდა.

დეპუტატის ქონებრივ დეკლარაციაში 2015 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დადებული ან მოქმედი არაერთი ხელშეკრულებაცაა მითითებული, რომლის საგნის ღირებულებაც 3 ათას ლარს აღემატება.

დეკლარაციის შევსების მომენტში ნაყოფიას „საქართველოს ბანკში“ ჯამში 1 395 000 დოლარის ოდენობის იპოთეკური სესხი ჰქონდა, რომელთა გასავალმაც 2015 წლის განმავლობაში 954 815.79 დოლარი შეადგინა; ასევე ჰქონდა „თიბისი ბანკში“ 150 ათასი დოლარის იპოთეკური სესხი; 7 480 ევროს ოდენობის ამერიკან ექსპრესის საკრედიტო ბარათის მომსახურების ხელშეკრულება „საქართველოს ბანკში“; „თიბისი ბანკში“ 30 ათასი დოლარის ოდენობის ოვერდრაფტი; „საქართველოს ბანკში“ 100 ათასი დოლარის ოდენობის ოვერდრაფტი; ჯამში 2 395 000 დოლარის ოდენობის კრედიტი „ქემროუზ სტრიიტ ლიმიტედ-ში“; 3 100 000 დოლარის ოდენობის კომერციული სესხი „საქართველოს ბანკში“; 1 420 000 დოლარის ოდენობის კრედიტი Silver Source International Holding Corporation-ში; „ვი-თი-ბი ბანკში“ ჯამში 40 ათასი დოლარის ოვერდრაფტი; „საქართველოს ბანკში“ 57 404 ევროს ოდენობის ავტოსესხი; 25 ათასი დოლარის ოდენობის ოვერდრაფტი „საქართველოს ბანკში“; ჯამში 548 ათასი დოლარის კრედიტი DREAM VISION CAPITAL INC-ში; 10 005 ლარის ოდენობის ქუთაისში ბინის ქირავნობის ხელშეკრულება; ჯამში 3 686 დოლარის ოდენობის ავტო დაზღვევა სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“; არსებული 9 900 დოლარის ოდენობის სამომხმარებლო სესხი „საქართველოს ბანკში“; „ალდაგში“ ქონების დაზღვევის ხელშეკრულება 810 დოლარის ოდენობით; უძრავის ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება 200 ათასი დოლარის ოდენობით; 50 ათასი დოლარის კრედიტი CHEMEXIM INTERNATIONAL-ში და 270 ათასი დოლარის კრედიტი შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციაში“.

დეკლარაციის მიხედვით, კობა ნაყოფიას არც ოჯახის წევრი და არც მასთან ერთად მუდმივად მცხოვრები პირი ჰყავს.