აკაკი ზოიძე - თამბაქოს კონტროლი გაუმჯობესდება, რომ ყოველწლიურად 5 ათასზე მეტი კაცი გადავარჩინოთ მტანჯველ სიკვდილს

თამბაქოს კონტროლის გაუმჯობესების ზომები ქმედითი იქნება, რომ შემდეგი 10 წლის განმავლობაში ყოველწლიურად 5 ათასზე მეტი კაცი გადავარჩინოთ მტანჯველ სიკვდილს , - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. დეპუტატმა კოლეგებს იმ კანონპროექტთა პაკეტის მხარდაჭერისკენ მოუწოდა, რომელიც თამბაქოს კონტროლის გამკაცრებას მოიცავს და რომლის განხილვაც პარლამენტში მომავალი კვირიდან დაიწყება.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებების მხარდაჭერით შესაძლებელი იქნება ”იმ ეპიდემიის შეჩერება, რომელიც საქართველოში ყოველი მეხუთე ადამიანის სიკვდილზეა პასუხისმგებელი”.

”ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს ჩვენი ქვეყნის პარლამენტს და მთავრობას, რათა მათ მხარი დაუჭირონ თამბაქოს კონტროლის გაუმჯობესებისკენ მიმართულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რათა შევძლოთ საქართველოში თამბაქოს ეპიდემიის შეჩერება. იმ ეპიდემიისა რომელიც პასუხისმგებელია ყოველ მეხუთე სიკვდილზე ამ ქვეყანაში და რომლის გამოც, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების მესამედი 10 წლით ნაკლებს ცოცხლობს. ეს საკანონმდებლო ცვლილებები მოიცავს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, კაფეებში, რესტორნებში, სპორტულ დარბაზებში და სტადიონებზე თამბაქოს მოწევისა და მისი რეკლამის სრულ აკრძალვას. ბოლო 50 წლის საერთაშორისო გამოცდილების მიხედვით ეს ზომები, თამბაქოს აქციზის მატებასთან ერთად, ქმედითი იქნება, რომ შემდეგი 10 წლის განმავლობაში გავანახევროთ ქვეყანაში მწეველთა რაოდენობა და ყოველწლიურად 5 ათასზე მეტი კაცი გადავარჩინოთ მტანჯველ სიკვდილსა და ყოველი მეორე ბავშვი, რომელიც დღეს იმყოფება აქტიური თუ პასიური ზემოქმედების ქვეშ, მოვაცილოთ ამ საწამლავს”, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.