ფარმაცევტული კომპანიები რეცეპტის დანერგვას მიესალმებიან, თუმცა "ჯენერიკებზე" მეტ თავისუფლებას ითხოვენ

ფარმაცევტული ნაწარმის რეალიზაციის წესებში ცვლილებების თაობაზე ბათუმში შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლები და სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს თანამშრომლები ესწრებიან.

როგორც სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის ინსპექტირების სამმართველოს უფროსმა, ნანა შაშიაშვილმა განმარტა, საუბარი შეეხება რეცეპტის ეტაპობრივი დანერგვის საკითხს. მისივე განმარტებით, 2013 წლის სექტემბრიდან რიგი პრეპარატების რეცეპტის გარეშე გაცემა სისხლის სამართველბრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

"ვსაუბრობთ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც ითვალისწინებს ცალკეულ სამკურნალო საშუალებებზე კონტროლის რეჟიმის გამკაცრებას. ჯენერიული დასახელების მქონე ფარმაცევტული პროდუქტები უკვე ექვემდებარება კონტროლს, მათ შორის, გაბაპენტინი, ბაკლოფენი, დექსტრომეტორფანის შემცველი პროდუქტები, ტროპიკამიდი, ზოპიკლონი. დღეს მეორე მოსმენით პარლამენტში გადის კოდეინზე, ფსევდოეფედრინზე და ეფედრინის შემცველ ფარმაცევტულ პროდუქტზე გამკაცრების რეჟიმი. აღნიშნული ნივთიერებების რეცეპტის გარეშე გაცემის შემთხვევა დაექვემდებარება სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას", - აღნიშნა ნანა შაშიაშვილმა.

როგორც ფარმაცევტული კომპანია შპს "ირინა შანიძის" დამფუძნებელი ირინა შანიძე აცხადებს, რეცეპტის გაცემა აუცილებელია, თუმცა მომხმარებელს ჯენერიული პრეპარატის არჩევის საშუალება უნდა ჰქონდეს.

"რეცეპტით გაცემას მივესალმები, ეს აუცილებლობას წარმოადგენს. მაგრამ, თუ ხალხზე ვზრუნავთ, პაციენტს უნდა ჰქონდეს არჩევანის საშუალება. წამლები არის დაბალფასიანი, საშუალოფასიანი და მაღალფასიანი. ჯენერიკით უნდა დაიწეროს რეცეპტი და ფარმაცევტს საშუალება უნდა ჰქონდეს, მომხამარებელს შეთავაზოს პრეპარატი მისი ღირებულებიდან გამომდინარე", - აღნიშნა ირინა შანიძემ.