ვთვლით, რომ ჩვენ უნდა გავხდეთ, ბიზნესზე ორიენტირებული სერვისების მიწოდების სამინისტრო, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ სასტუმრო „რედისონში“ განაცხადა, სადაც ის „საქართველოს ბიზნესასოციაციის“ წარმომადგენლებს შეხვდა.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში კომუნიკაცია ბიზნესთან ცოტა შენელდა, რის მიზეზადაც მინისტრმა არჩევნები, ახალი წელი, ახალი მთავრობის დაკომპლექტება დაასახელა.
„ძირითადი მესიჯი, რაც გავუგზავნეთ ჩვენს პარტნიორებსა და კოლეგებს, რომ ეს ეტაპი დასრულებულია და ჩვენ მზად ვართ ყოველდღიურ, 24-საათიან რეჟიმში, როგორც მიჩვეულები არიან ისინი და ჩვენ, გავაგრძელოთ ეს კომუნიკაცია, რამეთუ გვესმის, რომ ბიზნესი არის ის ძირითადი ინსტრუმენტი, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ეკონომიკის ზრდას და სამუშაო ადგილების შექმნას“, - განაცხადა გახარიამ.
მისივე თქმით, ეკონომიკის სამინისტრო უნდა გახდეს ბიზნესზე ორიენტირებული სერვისების მიწოდების სამინისტრო, რამეთუ სამინისტროსთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ბიზნესის, ბიზნესგარემოს განვითარება, ისეთ სტრუქტურული პრობლემების მოგვარება, როგორიცაა სავაჭრო ბალანსი და როგორიცაა ინვესტიციების მოზიდვა ქვეყანაში.
„ვთვლით, რომ ეს არის ჩვენი ძირითადი ამოცანები, რომელთა გადაწყვეტაში ბიზნესასოციაცია და ეს კომპანიები არიან ჩვენი ძირითადი პარტნიორები. ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ უნდა ვიმუშაოთ ხვალიდან, როგორი უნდა იყოს კომუნიკაცია ჩვენ შორის და როგორ უნდა მივეხმაროთ მათ სისტემური და მიმდინარე პრობლემების გადაწყვეტაში. თუმცა, იყო კონკრეტული საკითხებიც“, - განაცხადა გახარიამ.
რაც შეეხება „საქართველოს ბიზნესასოციაციის“ ვიცე პრეზიდენტის ლაშა პაპაშვილის განცხადებას სასტუმროების სფეროში ქონების გადასახადის დიფერენციაციასთან დაკავშირებით, გიორგი გახარიას განცხადებით, ეს პრობლემა წლებია გრძელდება და მოხდა შეთანხმება, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით აქტიური მუშაობა გაიმართება.