ტექნიკას, რომელიც სახლში გვაქვს, ხანდახან არ ვიყენებთ, მაგრამ დენის წყაროში მაინც ჩართულს ვტოვებთ, თვის ბოლოს მოსული გადასახადის ქვითარში მითითებული თანხა კი ჩვენთვის სურპრიზად იქცევა ხოლმე.
ტელეფონს ტენით, გიჩვენებთ რომ 100%-მდე დაიმუხტა, თუმცა მისი შესაერთებელიდან გამოძრობის შემთხვევაში, თავად დამტენს დენის წყაროდან არ თიშავთ, იგივე ხდება როუტერების შემთხვევაშიც და ნებისმიერი კვების ბლოკი, რომელსაც გგონიათ, რომ არ იყენებთ, დამატებით ელექტროენერგიას ხარჯავს.
ტექნიკურ მეცნიერებათა პროფესორის, თემურ ხუნდაძის თქმით, აღნიშნული ტექნიკის ხარჯი, რომელსაც არ იყენებთ, მაგრამ კვების წყაროში მუდმივად ჩართულია, საათში 3-5 ვტ-ია.
"მეტ-ნაკლებად "ტექნოლოგიურ ოჯახში", კვების წყაროში დაახლოებით, 10-15 ნივთია ჩართული, უმეტესი ნაწილი - უფუნქციოდ.
მაგალითად, თუ ტელევიზორს პულტის საშუალებით ვთიშავთ, დენის წყაროში კი ისევ ჩართულია, ეს იმას ნიშნავს, რომ ის მუშა მდგომარეობაშია და ელექტროენერგიას ხარჯავს,"-აღნიშნავს ის.
პროფესორის თქმით, საქართველოში ვარვარის ძაფიანი ნათურებიდან ეკონომიურ, ლედ ნათურებზე გადასვლის კულტურა დამკვიდრებული ჯერჯერობით არ არის, სწორედ ამიტომ, ეს ოჯახების ეკონომიკურ მდგომარეობაზეც აისახება.
"24 საათის განმავლობაში, მინიმუმ ერთი 50 ვტ-იანი ნათურა თუ გვაქვთ ჩართული, თვის ბოლოს, 4-5 ლარი გამოდის. შესაბამისად, ამ თანხას ტყუილად ვიხდით,"-განმარტავს ის.
მისი თქმით, ლედ ნათურებს ფუნქციონირება 50 000 და მეტი საათის განმავლობაში შეუძლიათ, ვარვარის ძაფიან ნათურებს კი 3 000 ან 5 000 საათის განმავლობაში, შესაბამისად, ლედ ნათურა საკუთარ სიძვირეს ეკონომიურობით ფარავს.
"თუ ჩვეულებრივი ნათურა 100 ვტ-ს ხარჯავს, ლედ ნათურა 10-15 ვტ-ს იყენებს. ასევე, ოთახებში ხანდახან დიდი ჭაღები გვაქვს, რომელზეც რამდენიმე ნათურაა დაყენებული და როდესაც ყველა მათგანის განათება არ გვესაჭიროება, რამდენიმე სექციანი ჩამრთველი უნდა გამოვიყენოთ. შეგვიძლია ჭაღზე ორი, სამი, ხუთი ან რამდენიც მოგვესურვება, იმდენი ნათურა გავანათოთ,"-აღნიშნავს თემურ ხუნდაძე Allnews.ge-სთან საუბარში.
თემურ ხუნდაძე ასევე მაცივრის არასწორი გამოყენების შესახებ მიგვითითებს.
"მაცივარი უკანა მხრიდან კედელთან მაქსიმალურად გვაქვს მიდგმული, თუმცა მას გამოყენების წესებში მითითებული აქვს, რომ კედლიდან გარკვეული დისტანციით, 10-15 სანტიმეტრით მაინც უნდა იყოს დაშორებული. თუ მაცივარს კედელთან მაქსიმალურად ახლოს დავდგამთ, ის ინტენსიურ რეჟიმში იმუშავებს და უფრო მეტ ელექტროენერგიას დახარჯავს. ჩათვალეთ, რომ ეს თვის ბოლოს გადახდილი ზედმეტი 5 ლარია,"-განმარტავს პროფესორი. იხილეთ გაგრძელება