თბილისში ხვალ ქართულ-გერმანული ბიზნეს შეხვედრა გაიმართება

ხვალ თბილისში, სასტუმრო Radisson Blu Iveria-ში ქართულ-გერმანული ბიზნეს-შეხვედრა გაიმართება.

ღონისძიებას საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროკავშირის ევროკომისარი ენერგეტიკის საკითხებში, გიუნტერ ოტინგერი და საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ასევე წამყვანი ქართული და გერმანული კომპანიების წარმომადგენლები დაესწრებიან. გერმანიის ბიზნეს-დელეგაციაში შედიან ისეთი დიდი საერთაშორისო კომპანიების ხელმძღვანელი პირები, როგორებიცაა, HeidelbergCement, Deutsche Bahn (DB) International, Siemens AG, Deutsche Bank და ა.შ.

შეხვედრაზე გერმანელი და ქართველი საქმოსნები სხვადასხვა საინვესტიციო პროექტების განხორციელებისა და პარტნიორობის შესაძლებლობებს განიხილავენ.

ღონისძიებას ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად ასევე დაესწრებიან გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების, საპარტნიორო ფონდისა და საქართველოს თანაინვესტირების ფონდის წარმომადგენლები.