ეკონომიკის ექსპერტი დავით ასლანიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს და წერს, თუ როგორ ასესხა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მთავრობას 968 ლარი.
"ბიზნესპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ დავით ასლანიშვილის პოსტს:
"როგორ ასესხა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მთავრობას 968 ლარი, რომელიც გადასახადის გადამხდელმა 1000 ლარად უნდა დაუბრუნოს 2021 წელში, ხოლო პროცენტის სახით ყოველწლიურად 76,25 ლარი (7,625%) უნდა გადაიხადოს.
როგორც ბლუმბერგის სქრინი ადასტურებს, 22 თებერვალს სახელმწიფო ობლიგაციის მორიგი აუქციონი გაიმართა, რომელზეც სახელმწიფომ დამატებით 20 მლნ ლარი აიღო 5-წლიანი ვალის სახით.
20 მლნ დაემატა მიმოქცევაში არსებულ 2.185 მლნ მოცულობის სახაზინო ვალდებულებებს და სახელმწიფო ობლიგაციებს, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა (1.886 მლნ) კომერციული ბანკების მფლობელობაშია (31 იანვრის მდგომარეობით – იხილეთ ეროვნული ბანკის სტატისტიკა – ფაილი „მთავრობის ფასიანი ქაღალდები მფლობელების მიხედვით“).
ბოლო წლებში საბიუჯეტო დეფიციტის ხარჯზე შემოსავლების გენერირება ჩვეულებრივ ბიზნესად იქცა კომერციული ბანკებისთვის. შედარებით დაბალ პროცენტში ეროვნული ბანკისგან რეფინანსირების სესხებით მოზიდული თანხებით მთავრობის მაღალპროცენტიანი ფასიანი ქაღალდების შეძენა (ე.წ. ბიუჯეტის მონეტარული დაფინანსების სქემა) და საკუთარ აქტივში განთავსება მნიშვნელოვან როლს ასრულებს კომერციული ბანკების მოგების ზრდაში.
როგორც უკვე ცნობილია, 2017 წელში ინფლაციის განეიტრალების მიზნით ეროვნულმა ბანკმა იაფი ფულის პოლიტიკას ზურგი შეაქცია, რაც იმას ნიშნავს, რომ კომერციულ ბანკებს, ერთის მხრივ მაღალი მოთხოვნის მიუხედავად გაუძვირდებათ რეფინანსირების სესხები, ხოლო მეორე მხრივ, საშუალოვადიანი განაკვეთების მრუდის გაზრდის გამო, შემცირდება მათ მფლობელობაში არსებული მთავრობის ფასიანი ქაღალდების საბაზრო ღირებულება, რაც შემოსავლების ამ წყაროს მოგებიდან ზარალში გადაიყვანს და შეამცირებს ბანკების მთლიან მოგებას.
კომერციული ბანკები დგანან იმ გამოწვევის წინაშე, რომ როგორმე უკვე დაწერილი ბუღალტრული მოგება შეინარჩუნონ და სასწრაფოდ შეელიონ ფასიან ქაღალდებს, რომელიც მომდევნო პერიოდში მათ აქტივების შემცირებას უქადით. და აი, ბანკებს გაახსენდათ, რომ მათ კერძო კლიენტებიც ჰყავთ, მოდი იქნებ ისინი დავაინტერესოთ ფასიანი ქაღალდებით, აქტივები ჩვენ მომგებიანად მოვიცილოთ, ხოლო პოტენციური ზარალი ხალხს შევტენოთ – ახლა გაახსენდათ კომერციულ ბანკებს, რომ კლიენტები გახადოს სახელმწიფოს კრედიტორებად.
და, ჰოი საოცრებავ, კომერციულმა ბანკებმა ყველაზე პრომინენტული კლიენტისგან – თავად ეროვნული ბანკის პრეზიდენტისგან კობა გვენეტაძისგან მოიპოვეს მხარდაჭერა და მორიგ აფიორაში ხალხის შეტყუება. ახლა სთავაზობთ კერძო კლიენტებს ფასიან ქაღალდებს? ახლა გემეტებათ მათი ანაბრები ფასიანი ქაღალდებისთვის, როცა წლების მანძილზე მონოპოლიზირებული გქონდათ ბაზარი, მოკალით ბირჟა, ანაბრებს სესხებად გასცემდით, ხოლო მონეტარული დაფინანსების სქემით ეროვნული ბანკის რესურსს მთავრობის ფასიან ქაღალდებში ფაქტიურად ათეთრებდით?!
თავი რომ დავანებოთ ყოვლად არაადექვატურ ქმედებას, რომლითაც კობა გვენეტაძემ საკუთარ ფეისბუკ-გვერდზე ერთ კონკრეტულ კომერციულ ბანკს გაუკეთა რეკლამა, მან, მართალია მეორად არაკონკურენტულ ბაზარზე, მაგრამ საკმაოდ კონკურენტულ განაკვეთში შეიძინა კონკრეტული ფასიანი ქაღალდი. ექნება კი ნებისმიერ სხვა რიგით კლიენტს ანალოგიურად ხელსაყრელ პირობებში ფასიანი ქაღალდის შესყიდვის შესაძლებლობა? ეროვნული ბანკის ცხელი ხაზი შეძლებს ამ პროცესის გაკონტროლებას?
დღეს მოქმედი კანონმდებლობით, რომლის ლობირებაში წლების მანძილზე კომერციულ ბანკებს საკუთარი ზედამხედველი ფაქტიურად ფეხქვეშ ჰქონდათ გადებული, ეს არის გამორიცხული !!!
– რატომ არის დღევანდელი კანონმდებლობით კონკურენტულზე მინიმალური განაცხადის დასაშვები ქვედა ზღვარი 50.000? 1997 წლის შემდეგ რატომ გაიზარდა ეს მაჩვენებელი 100-დან ჯერ 1000, შემდეგ 10.000 და უკვე მრავალი წელია 50.000 ლარი? რატომ არ ითვალისწინებთ საერთაშორისო პრაქტიკას, სადაც 2009 წელს ეს მაჩვენებელი მაგალითად აშშ-ში დასწიეს 1000-დან 100 დოლარამდე?
– რატომ აქვთ პირველად ბაზარზე მხოლოდ კომერციულ ბანკებს ექსკლუზივი? ძნელია სახაზინო სახლის შექმნა და გაფართოება პირველადი დილერების სიის?
– 1990-იან წლებში, როდესაც ამ შეკითხვის უამრავი ადრესატი ან კარის ბიზნესმენობით ან სახელმწიფო ბიუროკრატიით იყო დაკავებული, უამრავი დილერი ფაქტიურად ნულიდან, შიშველი ხელებით, სასტიკად კორუფციულ გარემოში, ვახერხებდით უმძმეს პირობებში აგურ-აგურ სისტემის განვითარებას, რომელიც მხოლოდ ახლა გაგახსენდათ ისევ საკუთარი პრივილეგიების შენარჩუნების მიზნით?
– რატომ არ არის კომერციული ბანკების აქციები ლარში დენომინირებული და რატომ არ ხდება მათი ქვოტირება საქართველოში ადგილობრივი კერძო და მცირე ინვესტორთათვის?", - წერს დავით ასლანიშვილი.