ამერიკული კორპორაცია Apple მიმდინარე წლის აპრილიდან ახალ, გრანდიოზულ კამპუსში - Apple Park-ში გადავა.
კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, 12 ათასამდე თანამშრომლის სრულ გადაბარგებას ნახევარი წელი მაინც დასჭირდება. ამასთან, მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება შენობის მშენებლობისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები.
კომპანიისთვის ახალი „სახლის“ ამბიციურ გეგმებზე სიკვდილამდე ოთხი თვით ადრე, ჯერ კიდევ 2011 წლის ივნისში „ეფლის“ დამფუძნებელმა სტივ ჯობსმა განაცხადა. სწორედ მის უკვდავსაყოფად, კამპუსის 1000-კაციან აუდიტორიას სტივ ჯობსის სახელი დაერქვა.
კამპუსის მშენებლობა 2013 წელს დაიწყო. კამპუსი მფრინავი თეფშის ფორმისაა და გავრცელებული ინფორმაციით, მასზე უკვე დაიხარჯა 5 მილიარდი დოლარი.
Apple Park -ის პროექტი დიზაინერულ კომპანია Foster + Partners-თან ერთად შემუშავდა. შენობა ჯამში 260 ათას კვადრატულ მეტრს იკავებს. კამპუსის მთავარი ღირშესანიშნაობა მთავარი 4-სართულიანი მრგვალი ფორმის შენობაა, რომელიც შუშისგან, ბეტონისგან და რკინისგან აიგო. კამპუსის სახურავი მთლიანად დაფარული იქნება მზის ელემენტების პანელისგან.
შენობაში ასევე განთავსებულია ფიტნეს-ცენტრი, კაფე, ლაბორატორიები, მიწისქვეშა პარკინგი, სხვადასხვაგვარი კიბე და შესასვლელები. კამპუსი 14 200 თანამშრომელს დაიტევს. კომპანიის ამჟამინდელი სათავო ოფისი Infinite Loop-ზე მხოლოდ სამი ათას ადამიანს იტევს.
კოკა კვირკველია