ევროზე უარი საფრანგეთს 180 მილიარდ ევროს დააკარგვინებს

საფრანგეთის მიერ ევროზონის დატოვება და ევროს ფულად ერთეულზე უარის თქმა ქვეყანას 180 მილიარდ ევროს დააკარგვინებს. ამის შესახებ ნათქვამია ფრანგული საფინანსო ინსტიტუტის Institut Montaigne-ის ანგარიშში.

საფრანგეთის ევროზონიდან გამოსვლის მომხრეა საპრეზიდენტო კანდიდატი მარინ ლე პენი. Institut Montaigne-ის ანგარიშის თანახმად, მისი ინიციატივის სისრულეში მოყვანის შემთხვევაში ქვეყნის მშპ ერთი წლის შემდეგ 2,3%-ით შემცირდება, რაც ფულადი სახით 180 მილიარდ ევროს უდრის, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში მშპ შესაძლოა, 9%-ით შემცირდეს.

„ყველაზე ოპტიმისტური სცენარის მიხედვით,  შემცირება პირველ წელს 0,6% იქნება, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში 4%. ყველაზე პესიმისტური პროგნოზის შემთხვევაში კი ერთი წლის შემდეგ 3,2%-ით, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში 13%-ით“, - ნათქვამია ფრანგული საფინანსო ინსტიტუტის კვლევაში.

ამავე კვლევის თანახმად, საფრანგეთში „ფრანკის“ დაბრუნება 500 ათასი სამუშაო ადგილის დაკარგვას გამოიწვევს. ქვეყნის სახელმწიფო ვალი კი 30 მილიარდ ევრომდე გაიზრდება.

ულტრა-მემარჯვენე პარტიის „ეროვნული ფრონტის“ ლიდერის მარინ ლე პენის განცხადებით, ევრო უფრო პოლიტიკური ინსტრუმენტია ევროკავშირისთვის, ვიდრე ფინანსური.

მსოფლიოს წამყვანი ანალიტიკოსების პროგნოზით, მარინ ლე პენის პრეზიდენტად არჩევა ევროკავშირის დასასრულის დასაწყისი იქნება. საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 23 აპრილს, ხოლო მეორე ტური 7 მაისს გაიმართება.