ვადაგასული პროდუქტის გასაღებისა და ეტიკეტირების წესის დარღვევისთვის ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისსა და კახეთის რეგიონში დიდი რაოდენობით ვადაგასული სურსათი ამოიღო და ეტიკეტირების წესის დარღვევისთვის ბიზნესოპერატორები 400 ლარით დააჯარიმა.

ლადო ასათიანის ქუჩაზე - ი/მ "დარეჯან ელიაშვილის" მარკეტიდან, თემქაზე - შპს "მემოდან", ქეთევან წამებულის გამზირზე - შპს "ფურშეტ ჯორჯიას" სუპერმარკეტიდან ამოიღეს სხვადასხვა დასახელების ვადაგასული ხორცპროდუქტი, ძეხვი, პაშტეტი, ხინკალი, კარაქი, სოკოს ბლინი, ფენოვანი ცომი, ქათამი, ქათმის კატლეტი, ყავა.

სააგენტოს ცნობით, ვადაგასული სურსათი კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდა.

გარდა ამისა, აღნიშნული სუპერმარკეტები და ქიქოძის ქუჩაზე მდებარე შპს "ლიზი-1" ეტიკეტირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდნენ 400 ლარით.

სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებმა ვადაგასული სურსათი ასევე ამოიღეს ლაგოდეხში (ი/მ "მაკა ალავერდაშვილი"); გურჯაანში (ი/მ "ლუდმილა ზირაქაშვილი"); ყვარელში ("ნაირა გიგაშვილი"); ახმეტაში (ი/მ "ლილი იჩიურიძე", ი/მ "ნათია მიქელაძე", ი/მ "ხრისტო კაძიკიძე, ი/მ "ნაილი ფარეულიძე, ი/მ "თამარ კონჭოშვილი").

კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდა სხვადასხვა დასახელების ლუდი, ლიმონათი და სხვა უალკოჰოლო გამაგრილებელი სასმელი, თევზის კონსერვი, ბარდა, ორცხობილა, მაიონეზი, იოგურტი, სოკოს მარინადი, შოკოლადი, შესქელებული რძე.

ეტიკეტირების წესის დარღვევისთვის ასევე დაჯარიმდნენ: გურჯაანში - შპს "ნიკორა კახეთი", ი/მ "ბადრი ბერიკაშვილი" და ი/მ "გოჩა ბაზერაშვილი"; ყვარელში - ს/ს "სმარტი"; საგარეჯოში - ი/მ "დავით გოცირიძე", ი/მ "ლიანა აფციაური"; თელავში - შპს "ჯიბე".

სურსათის ეროვნული სააგენტო ახსენებს ბიზნესოპერატორებს, რომ სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 74 პრიმა მუხლის თანახმად, 2014 წლის 1 იანვრიდან ეტიკეტირების წესის დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 400 ლარის ოდენობით.