"სასწორის ერთ პინაზე ათასობით ადამიანის სიცოცხლეა, მეორე მხარეს - რომელიმე კომპანიის შემოსავლები"

თუ ვინმეს, კონკრეტულ სარეკლამო კომპანიას უნდა, რომ ადამიანის სიცოცხლეზე მსჯელობა ციფრებში გადაიყვანოს, მე ამის გაკეთებაც შემიძლია , - ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ თამბაქოს შესახებ კანონპროექტზე საუბრისას ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც თამბაქოს, სარეკლამო და სარესტორნო ბიზნესისათვის მოსალოდნელ პრობლემებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა.

მინისტრის განცხადებით, სასწორის ერთ პინაზე არის ათასობით ადამიანის სიცოცხლე, ხოლო მეორე მხარეს არის რომელიმე კომპანიის შემოსავლები. დავით სერგეენკოს განცხადებით, ალბათ გასაგებია, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

“თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიაზე მუშაობა მიმდინარეობდა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ეს მოძრაობა დაწყებულია 2010 წელს, როცა მიღებული იქნა თამბაქოს კონტროლის კანონი, თუმცა იქ არ იყო გაწერილი რიგი პარამეტრები, რომელიც მჯერა, რომ ახლა უკვე კანონში ჩაიწერება. რაც შეეხება საკითხს, რომ ბიზნესს პრობლემები ექნება, ჩვენ ყოველთვის გვიწევს გადაწყვეტილებების მიღება. აქ რეალურად სასწორის ერთ პინაზე არის ათასობით ადამიანის სიცოცხლე, ხოლო მეორე მხარეს რომელიმე, თუნდაც ძალიან მნიშვნელოვანი სარეკლამო კომპანიის შემოსავლები. საით გადაიხრება გადაწყვეტილება, ალბათ გასაგებია. თუ ვინმეს, კონკრეტულ სარეკლამო კომპანიას უნდა, რომ ადამიანის სიცოცხლეზე მსჯელობა ციფრებში გადაიყვანოს, მე ამის გაკეთებაც შემიძლია. თუმცა შედარება, რომელიც მოვიყვანე, ვერანაირი ღირებულება მათ შორის, ერთი, ორი ან რამდენიმე კომპანიის ბიუჯეტში შეტანილი მოგების გადასახადი დავუპირისპიროთ ყველაზე უფრო დიდ ღირებულებას - ადამიანის სიცოცხლეს, მგონი, ამაზე მსჯელობაც ზედმეტი იქნება. მთავარი ამოცანა არის, რომ ეს ყველაფერი სწორად გათვლილი ნაბიჯებით მოხდეს ისე, რომ ქვეყნის ინტერესები იყოს დაცული”, - განაცხადა დავით სერგეენკომ.