არალეგალ მიგრანტთა განთავსების ცენტრის მშენებლობა შემოდგომისთვის დასრულდება

მიგრაციის სამსახური მარტის თვეში შეიქმნება, ამასთან, მიმდინარეობს არალეგალ მიგრანტთა განთავსების ცენტრის მშენებლობა, რომელიც სექტემბრამდე დასრულდება, - შესაბამისი ინფორმაცია პარლამენტის წევრებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლევან იზორიამ მიაწოდა. იზორიამ პარლამენტს, მეორე მოსმენით, "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" კანონპროექტი წარუდგინა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, არალეგალ მიგრანტთა განთავსების ცენტრი თბილისში შენდება, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებისთვის განკუთვნილ კორპუსებთან ახლოს.

"მარტში აპირებს ჩამოსვლას სადამკვირვებლო მისია, რათა პროცესს გაუწიოს მონიტორინგი. ჩვენ ამ მისიას დავპირდით, რომ სამსახური მარტში შეიქმნებოდა და დანაპირებს ვასრულებთ - შეიქმნება მთავარი სამმართველო და ამ სამმართველოს ერთ-ერთი სტუქტურული რგოლი განთავსების ცენტრი იქნება. ის უცხოური გამოცდილებისა და სტანდარტების გათვალისწინებით იქმნება", - განაცხადა იზორიამ პარლამენტის სესიაზე.

საქართველოში უცხოელთა ყოფნის საფუძვლები, ვიზის და ბინადრობის ნებართვის აღებასთან დაკავშირებული პროცედურები, ასევე საქართველოდან უცხოელთა გაძევების საფუძვლები და პროცედურები "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" კანონპროექტით მთლიანად გადაიხედა.

ამ მიმართულებით სრულიად ახალი საკანონმდებლო ინიციატივა მიგრაციის საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიამ მოამზადა და ის პარლამენტს გასული წლის ნოემბერში წარედგინა.