კომპანია „ჰიგიენა 2009“ წარმომადგენლებმა ერთ-ერთ შეხვედრაზე განგვიცხადეს, რომ ქობულეთში, აშენებული ნაგავსაყრელი თურქეთის ქალაქებსაც მოემსახურება, - ამის შესახებ ქობულეთის მკვიდრმა ხვიჩა გამარჯობაძემ განაცხადა. მისი თქმით, კომპანიის წარმომადგენლებმა მოსახლეობას უთხრეს, რომ თურქულ მხარესთან შესაბამისი ხელშეკრულება დაიდება.
ხვიჩა გამარჯობაძის ინფორმაციით, ნაგავსაყრელის მშენებელობის წინააღმდეგ მოსახლეობა საპროტესტო აქციების გამართავს გეგმავს.
„ჩვენ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წინა მოწვევის დეპუტატები დაგვპირდნენ, რომ ეს პროექტი შეჩერდებოდა, მაგრამ ჩვენ საპროტესტო აქციებს ისევ განვაახლებთ, რადგან ეს პროექტი არის მავნებლური ადამიანებისათვის. ერთ-ერთ შეხვედრაზე კომპანია „ჰიგიენა 2009“ წარმომადგენლები მოვიდნენ და მოსახლეობასთან შევედრისას განაცხადეს, რომ თურქეთთან ხელშეკრულება დაიდება, რომლის მიხედვითაც ქობულეთში ნაგავსაყრელი თურქეთის ქალაქებსაც მოემსახურება, გვითხრეს, რომ ამით ბიუჯეტში მეტი თანხა შემოვა და მოსახლეობას დავასაქმებთ“, - აცხადებს ხვიჩა გამარჯობაძე.
აღნიშნულ ინფორმაციას, უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძეც ადასტურებს და აცხადებს, რომ ქობულეთში, ნაგავსაყრელით თურქეთის ქალაქები ხოფა და ქემალფაშაც ისარგებლებენ. თამაზ ბაკურიძე აჭარის ფინასთა და ეკონიმიკის ყოფილი მინისტრის დავით ბალაძის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს.
„ოფიციალურად არავინ ადასტურებს, თუმცა არსებული ინფორმაციით, ქობულეთის ნაგავსაყრელი არამარტო დასავლეთ საქართველოს, არამედ თურქეთის ქალაქებს ხოფას და ქემალფაშას მოემსახურება. აღსანიშნავია, რომ ამ ქალაქებში ნაგავსაყრელი არ არის. თურქეთის მხარესთან გარკვეული მოლაპარაკებები იყო, ამიტომ ყველასათვის ხელსაყრელი იყო პროექტის განხორციელება, ვინაიდან აჭარის ფინასთა და ეკნომიკის ყოფილი მინისტრი დავით ბალაძე, ამ საკითხით ძალიან იყო დაინტერესებული, ვფიქრობ, საგამოძიებო სამსახური უნდა დაინტერესდეს“, - აცხადებს თამაზ ბაკურიძე.
აჭარის ავტონომირი რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თამუნა დიასამიძე ქობულეთში ნაგავსაყრელის თურქეთის ქალაქებისთვის მომსახურებას უარყოფს და აცხადებს, რომ ნაგავსაყრელი აუცილებლად აშენდება, თუმცა იგი მხოლოდ აჭარის რეგიონისთვის იქნება გათვლილი.
„მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს აბსოლუტური სისულელეა, პროექტი ჩვეულებრივ გაგრძელდება და ნაგავსაყრელი მხოლოდ აჭარის რეგიონს მოემსახურება“, - აღნიშნა თამუნა დიასამიძემ.
აღნიშნულ საკითხზე გუშინ კომენტარი გააკეთა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ელგუჯა ბაგრატიონმა . მისი ინფორმაციით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაფუძნებული შპს „ჰიგიენას“ დირექტორმა ირაკლი ცეცხლაძემ დიდი ოდენობით სახელმწიფო თანხები მიითვისა.
"ირაკლი ცეცხლაძემ 5 მილიონი ლარი მიითვისა. აღნიშნული თანხით ქობულეთში, ცეცხლაურში ნაგავსაყრელი უნდა აშენებულიყო, ასევე მოსახლეობისთვის კომპენსაცია უნდა გაცემულიყო. აღნიშნული ინფორმაციის შესახებ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს რამაზ ბოლქვაძეს პასუხი არ აქვს. მთავრობას ფაქტზე რეაგირებას ვთხოვთ“, - აცხადებს ელგუჯა ბაგრატიონი.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას კი განაცხადა, რომ შპს "ჰიგიენა 2009“-ში აღმოჩენილი ფინანსური შეუსაბამობის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს აცნობეს. მინისტრის თქმით, ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და მიმდინარეობს გამოძიება.