ინგლისელმა ღვინის მაგისტრმა სარა ებოტმა და ღვინის მწერალმა რობერტ ჯოზეფმა ქართულ ღვინის კომპანიებთან ერთად, ქართული ღვინის დიდი ბრიტანეთის ბაზარზე დამკვიდრების სტრატეგიული გეგმა განიხილეს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ორდღიან სემინარში, სადაც 35 ქართული ღვინის კომპანიის წარმომადგენელი მონაწილეობდა, მხარეებმა ის ძირითადი ღონისძიებები და მიმართულებები განიხილეს, რომლებიც ქართულ ღვინოს დიდი ბრიტანეთის ბაზარზე დამკვიდრებაში დაეხმარება.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ ანდრო ასლანიშვილმა აღნიშნა, რომ ბრიტანელი პროფესიონალების ცოდნა და პრაქტიკული რეკომენდაციები ქართველ მეწარმეებს დიდი ბრიტანეთის ღვინის ბაზრის უკეთ ათვისებაში დაეხმარება.
”ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის სტრატეგიას წარმოადგენს ღვინის ბაზრების დივერსიფიკაცია და ჩვენ ყველანაირ ძალისხმევას მივმართავთ, რათა ეს მიღწეული იყოს სხვადასხვა ბაზარზე, განსაკუთრებით ისეთ ბაზრებზე, სადაც არის სტაბილურობა და სიმყარე. ამ მიმართულებით შერჩეულია ისეთი სტრატეგიული ბაზარი, როგორიც არის დიდი ბრიტანეთი, სადაც ჩვენ ვთანამშრომლობთ ღვინის მაგისტრ სარა ებოტთან და ღვინის მწერალ რობერტ ჯოზეფთან. მათ აქვთ დიდი ბრიტანეთის ბაზრის განსაკუთრებული ცოდნა და მათი პრაქტიკული რჩევები და რეკომენდაციები, კომპანიების მხრიდან დაზოგავს ფინანსურ და დროის რესურსებს, რათა მიიღონ საუკეთესო რჩევები და რეკომენდაციები“, - განაცხადა ანდრო ასლანიშვილმა.
როგორც სარა ებოტმა აღნიშნა, სემინარის ფარგლებში ქართველი ღვინის მწარმოებლები საფუძვლიანად გაეცნენ დიდი ბრიტანეთის ბაზარს, თუ რისი შეთავაზება შეუძლია ამ ბაზარს მათთვის და რა უნდა გააკეთონ, რომ შევიდნენ ამ საერთაშორისო მნიშვნელობის მასშტაბურ ბაზარზე თავიანთი პროდუქციით.
”ჩვენი, როგორც ღვინის ექსპერტებისა და კონსულტანტების მიზანი იყო სიღრმისეულად გაგვეგო ქართული ღვინის წარმოების სპეციფიკა, სტილი და მრავალფეროვნება. ქართული ღვინო დიდი ბრიტანეთის ბაზრისთვის სპეციფიკური სეგმენტია, ბრიტანეთში არიან ადამიანები, რომლებსაც ძალიან უყვართ ქართული ღვინო, მაგალითად, აქ მცხოვრებელი რუსები და ქართველები და ამ კუთხით ქართულ ღვინოს კარგი პერსპექტივა აქვს. მეორეს მხრივ, ახალგაზრდა ღვინის მოყვარულები, რომლებიც მუდმივად ეძებენ ახალ და განსხვავებულ პროდუქტს, მოხიბლულნი არიან ქართული ღვინის ორგანული წარმოების ტექნოლოგიით - ქვევრში ღვინის დაყენების უნიკალური მეთოდით და ასევე უნიკალური ჯიშებით, განსაკუთრებით საფერავით“ , - აღნიშნა სარა ებოტმა.
რობერტ ჯოზეფი მიიჩნევს, რომ ქართული ღვინით განსაკუთრებით ბრიტანელი ახალგაზრდები დაინტერესდებიან. იხილეთ გაგრძელება