ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზას შეუძლია, ავღანეთიდან გამოსვლისას ნატოს არმიას მოემსახუროს

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობის სწრაფი დასრულება რეგიონის განვითარებისთვის როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური კუთხით მეტად მნიშვნელოვანია, - განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელდარ მამედიაროვმა, დღეს განჯაში გამართულ მინისტერიალზე, სადაც მონაწილეობას მისი ქართველი და თურქი კოლეგები იღებდნენ.

როგორც მამედიაროვმა აღნიშნა, მომავალ წელს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი ავღანეთიდან ჯარის გამოყვანას აპირებს, რაც სარკინიგზო პროექტს შეუძლია, თავის სასიკეთოდ გამოიყენოს.

”ეს პროცესი შესაძლებელია, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მეშვეობით განხორციელდეს. აღნიშნული წინადადებით ჩვენ რამდენიმეჯერ გამოვედით, პრეზენტაციაც კი მოვაწყეთ. ჩვენს ელჩს დავავალეთ, ნატოს ხელმძღვანელობასთან ეს წინადადება განეხილა”, - განაცხადა მამედიაროვმა.

სარკინიგზო დერეფნის მშენებლობა, რომელმაც აზერბაიჯანი საქართველოს გავლით თურქეთთან უნდა დააკავშიროს, 2007 წელს დაიწყო, საქართველოს ტერიტორიაზე იგეგმება მარაბდა-კარწახის 153 კმ-იანი მონაკვეთის რეკონსტრუქცია და ახალქალაქიდან თურქეთამდე 29 კმ-იანი გზის მონაკვეთის მშენებლობა.