როცა სატარიფო განაცხადი შემოდის, ახალი ტარიფი გარდაუვალია. ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრმა გოჩა შონიამ ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” გაზის ტარიფების გადახედვის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
მისივე თქმით, ჯერჯერობით სემეკ-ს სატარიფო განაცხადით მხოლოდ ორმა კომპანიამ ”სოკარ ჯორჯია გაზმა” და ”საქორგგაზმა” მიმართეს.
„ბოლო 10 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი ცვლილება მოხდა და ამ სექტორში ძალიან დიდი ინვესტიციები განხორციელდა. შესაბამისად გარკვეულწილად შეიცვალა თამაშის წესები, რეგულაციებიც და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი საჭიროებს იმას რომ მოხდეს ტარიფების გადახედვა. ტარიფების ზრდას რაც შეეხება ყველაფერი შესაძლებელია თუმცა ეს არ არის გარდაუვალი აუცილებლობა. ტარიფები არის მრავალკომპონენტიანი. ტარიფში მონაწილეობას იღებს სხვადასხვა მდგენელი, ზოგი ზრდის ტარიფის განაკვეთს, ზოგი პირიქით ამცირებს, ამიტომაც კომისია ყოველთვის თავს იკავებს ვარაუდებისაგან, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ერთობლიობაშია შესაფასებელი, შესასწავლი და ამის შემდეგ უკვე განსახილველი და დასადგენი. ეს ცალსახად არ ნიშნავს, რომ ტარიფები გაიზრდება, თუმცა კომისია ამას ყველაფერს ერთად შეაფასებს და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას. ტარიფის დადგენისას სხვა მრავალ კომპონენტთან ერთად ორი ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია, ვალუტის კურსის ცვლილება და კომპანიის მიერ განხორცილებეული ინვესტიციები“, - აღნიშნა გოჩა შონიამ.
მისი თქმით, ტარიფებმა კომპანიებს იმის საშუალება უნდა მისცეს, რომ მათი სრულფასოვანი ფუნქციონირება მოხდეს.
„ვგეგმავთ, რომ მთლიანად ამ სექტორს გადავხედოთ და რეალურად დავადგინოთ ის სწორი ტარიფები, რომელსაც ჩვენი სატარიფო მეთოდოლოგია ითვალისწინებს და გავუგზავნოთ სწორი სატარიფო სიგნალები კომპანიებს. ტარიფების დადგენას აქვს თავისი პროცედურები. ვფიქრობთ, როგორც კი დეპარტამენტი მზად იქნება იმისთვის, რომ თავისი მოსაზრებები წარმოადგინოს, ამის შედეგ გავიტანთ სხდომაზე და დავამტკიცებთ ტარიფებს. წინასწარ ძნელია იმის თქმა, რა დრო დაგვჭირდება, რადგანაც ეს დამოკიდებულია თუ რამდენად კარგად არის დოკუმენტაცია წარმოდგენლი. რა თქმა უნდა, როცა კომისიაში სატარიფო განაცხადი შემოდის, ახალი ტარიფი გარდაუვალია.” - განაცხადა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომიიის წევრმა გოჩა შონიამ ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი”.