ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და უკრაინის რძის მწარმოებელთა ასოციაციის მხარდაჭერით, 14 მარტს თბილისში, წლის მთავარი მოვლენა სამხრეთ კავკასიის მერძევეობის სექტორში - კავკასიის პირველი რძის კონგრესი გაიმართება.
როგორც ორგანიზატორებმა განაცხადეს, ღონისძიება გაიმართება აღმოსავლეთ ევროპის რძის კონგრესის ფარგლებში. კონგრესში მონაწილეობას მიიღებს 200-მდე მონაწილე, მათ შორის, ფერმერები და რძის გადამუშავების სპეციალისტები საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან და აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აზიის სხვა ქვეყნებიდან, პოტენციური ინვესტორები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მთავრობის წარმომადგენლები.
ორგანიზატორების განცხადებით, ღონისძიების განმავლობაში მონაწილეებს ექნებათ საშუალება, გაეცნონ თანამედროვე ტექნოლოგიურ და ბიზნეს მიდგომებს სარძევე მესაქონლეობის სფეროში, პრაქტიკულ მაგალითებსა და რეგიონის რძის მწარმოებელთა და ფერმერთა ორგანიზაციების გამოცდილებაზე დაყრდნობით.
„ღონისძიების ფარგლებში თავიანთი წარმატების საიდუმლოებაზე ისაუბრებენ საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინისა და სხვა ქვეყნების რძის ფერმების ხელმძღვანელები და სპეციალისტები. ზოგიერთმა მათგანმა უკვე მიაღწია წელიწადში ათი ათას ლიტრზე მეტი რძის გამომუშავებას ერთ ძროხაზე; მსგავსი პროდუქტიულობის მიღწევა საქართველოს პირობებშიც სრულიად შესაძლებელია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ღონისძიებაზე შეჯამდება FAO/EBRD-ის საერთო პროექტის, “სურსათის უვნებლობის გაუმჯობესება საქართველოს რძის სექტორში ცოდნის გადაცემის გზით” მიმდინარეობა და შედეგები და ასევე, წარმოდგენილი იქნება რეკომენდაციები საქართველოს სარძევე ბიზნესის სამომავლო განვითარებისთვის.
„კონგრესის მეორე დღეს - 15 მარტს ყველა მონაწილეს ექნება საშუალება ესტუმროს საქართველოს იმ სარძევე ფერმებს, სადაც წარმატებითაა დანერგილი რძის წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიები. კავკასიის საერთაშორისო რძის კონგრესი საფუძველს ჩაუყრის არსებული ცოდნისა და ტექნოლოგიების გაზიარებას რეგიონის იმ ფერმერებისა და რძის სექტორის სხვა წარმომადგენლებისთვის, რომლებიც დაინტერესებული არიან თანამედროვე მერძევეობის განვითარებით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.