"მეთოდები, რომლის მიხედვითაც საქართველოში საარსებო მინიმუმს ითვლიან, გადასახედია"

საარსებო მინიმუმის ცნება საქართველოში დაუსრულებელი დავის საგანს წარმოადგენს. წლები გადის, საარსებო მინიმუმის რაოდენობა კი მიზერულია, რის გამოც ეს მაჩვენებელი საზოგადოების მწვავე კრიტიკას იმსახურებს. თუმცა, გასულ წლებთან შედარებით, საარსებო მინიმუმის მოცულობა ნელა, მაგრამ მაინც მატულობს. მაგალითად: 2004 წელს შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 96,2 ლარი იყო, 2006-ში - 120 ლარი, ხოლო 2017 წლის იანვარში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 166.3 ლარი.

საქსტატის მონაცემებით, იანვარში ორსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 235 ლარი გახლდათ, სამსულიანი ოჯახის - 265 ლარი, ხოლო ოთხსულიანი ოჯახისა - 294 ლარი.

ქართველი ეკონომისტები უკვე წლებია მსჯელობენ და საარსებო მინიმუმის სიმცირეს არასწორი მეთოდოლოგიით ხსნიან - მეთოდოლოგიით, რომელიც 2003 წლის შემდეგ არ შეცვლილა.

როგორც „ეკონომიკური განათლებისა და სტრატეგიული კვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელმა ქეთევან კრიალაშვილმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, მეთოდები, რომლის მიხედვითაც საქართველოში საარსებო მინიმუმს ითვლიან, გადასახედია.

„ეს არის 2003 წელს მიღებული მეთოდოლოგია. სწორედ მეთოდოლოგიაში უნდა ვეძებოთ ის, თუ რატომ ვერ ასახავს რეალობას აღნიშნული მაჩვენებელი. საარსებო მინიმუმის ცნება სხვა ქვეყნებშიც არსებობს, მაგრამ მეთოდოლოგია ყველგან განსხვავებულია. მაგალითად, კალორაჟის მიხედვით ჩვენ უფრო წინ ვართ, ვიდრე აზერბაიჯანი და სომხეთი, მაგრამ წილობრივი მაჩვენებლები ამ ქვეყნებში ჩვენგან განსხვავებულია. სახელმწიფო სტრუქტურები ამტკიცებენ, რომ საქართველოში პენსია და სოციალური დახმარება საარსებო მინიმუმთან არის გათანაბრებული, შესაბამისად, დღეს სოციალური დახმარებები და პენსიები საქართველოში საარსებო მინიმუმთან ახლოსაა. თუ საარსებო მინიმუმი დღევანდელზე ორჯერ მეტი იქნება, ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს მოქალაქის მინიმალურ სოციალურ დაცვასაც კი, ამიტომ, მისი დათვლის მეთოდოლოგია არ იცვლება. მიუხედავად იმისა, რომ ახალი მეთოდოლოგია უკვე შეთავაზებულია სამინისტროსთვის, ამ მიმართულებით ძვრები არ იგრძნობა“, - აღნიშნავს ქეთევან კრიალაშვილი.

ქეთევან კრიალაშვილის თქმით, როდესაც ქართული სახელმწიფო საპენსიო რეფორმას დაიწყებს, საარსებო მინიმუმის ცნებაც გადაიხედება და მასში ბევრი რამ შეიცვლება.

„კიდევ ერთხელ უნდა შევეხო მტკივნეულ საკითხს: ახლანდელი მეთოდოლოგიით, საარსებო მინიმუმის 70% სურსათს ეთმობა და 30% - სხვა დანარჩენს. ამ შეფარდების მიხედვით, შრომისუნარიან მამაკაცს 166 ლარიდან 30% ანუ 50 ლარი უნდა ეყოს ჩაცმისთვის, კომუნალური გადასახადებისთვის, მკურნალობისთვის და სხვა ყოფითი პრობლემების მოსაგვარებლად. ევროპაში ეს შეფარდება პირიქით არის: 30/70-ზე, 40/60-ზე, 50/50-ზე და ა.შ... ჩვენი ეკონომისტები უკვე წლებია აცხადებენ, რომ ამ მაჩვენებლის დაანგარიშებაში მნიშვნელოვანი ცვლილებებია შესატანი. საკითხავია ისიც, 2300 კილოკალორია რამდენად საკმარისია ჩვენი რეგიონისთვის. თუ ამ ყველაფერს გავითვალისწინებთ, სულ სხვა შედეგს მივიღებთ. მით უმეტეს, როცა საარსებო მინიმუმი იცვლება, იქ გათვალისწინებული არ არის კომუნალური გადასახადების, ტრანსპორტის, საწვავის და სხვა მნიშვნელოვანი პროდუქტების გაძვირება - ამ ფასებს საარსებო მინიმუმის ცნება არ მოიცავს. როგორც კი არსებულ მეთოდოლოგიაში ცვლილებები შევა, მაშინვე რეალურ შედეგებს მივიღებთ. სხვათა შორის, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში - სომხეთსა და აზერბაიჯანში - საარსებო მინიმუმი უფრო მაღალია, ასევე - ყაზახეთშიც, ხოლო დასავლეთის ქვეყნებში საარსებო მინიმუმი იქაურ მინიმალურ პენსიასთან არის გათანაბრებული და ჩვენთან შედარებით 10-15-ჯერ მეტია“, - აღნიშნავს ქეთევან კრიალაშვილი.

ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, პროფესორი დავით ასლანიშვილი კი მიიჩნევს, რომ საარსებო მინიმუმი საქართველოში ისეთივეა, როგორც არის ჩვენი ეკონომიკა.

„განვითარებულ ქვეყნებში საარსებო მინიმუმის გაანგარიშებისას ძირითადი აქცენტი საკვებ პროდუქტებზე კი არ კეთდება, არამედ სულ სხვა მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე. მაგალითად, მანქანის და ახალი ტექნოლოგიების შეძენაზე, კულტურულ და გასართობ ღონისძიებებზე, განათლებაზე, დასვენებაზე და ა.შ... ჩვენთან კი, აბსოლუტური ხვერდითი წილი სურსათზე მოდის ანუ იმაზე, რომ ადამიანმა ფიზიკურად იარსებოს. მიზერულ საარსებო მინიმუმს სხვა მიზეზებიც განაპირობებს: საქართველოს ეკონომიკა დაბალგანვითარებულია, ფასებიც დაბალია, მთლიანი შიდა პროდუქტიც ჩვენთან გაცილებით მცირეა, ვიდრე მაგალითად შვეიცარიაში, ან სხვა უზრუნველყოფილ ქვეყნებში. ლარის კურსის ვარდნის გამო საქართველოს მოსახლეობის მსყიდველობითი უნარიც შემცირდა. სწორედ ამიტომ, საარსებო მინიმუმი ჩვენთან ძალიან მცირეა და არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს“, - ამბობს ქეთევან კრიალაშვილი.

როდის იქნება შესაძლებელი საარსებო მინიმუმის გაზრდა? - ამ შეკითხვაზე დავით ასლანიშვილი პასუხობს.

„ეს მაჩვენებელი პირდაპირ კავშირშია ქვეყნის ეკონომიკასთან. ამიტომ საარსებო მინიმუმიც ისეთივე გვაქვს, როგორიც არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა. თუ საქართველო ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას არ მიაღწევს, თუ მთლიანი შიდა პროდუქტი და ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობა არ გაიზრდება, საარსებო მინიმუმის ზრდაც ნაკლებად მოსალოდნელია. ჩვენ არა გვაქვს ძლიერი ეკონომიკა, ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტი არის ძალიან მწირი, აქედან გამომდინარე, ის რესურსი და შემოსავლების ის რაოდენობა, რაც გვაქვს, მკვეთრი ცვლილებების საშუალებას არ იძლევა. ჩვენი ბიუჯეტის 30% ისედაც სოციალურ დახმარებებზე მიდის - ვგულისხმობ პენსიებს, საყოველთაო დაზღვევას, საბიუჯეტო სექტორს... დაახლეობით 10% განკუთვნილია ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, არანაკლები ტვირთია ჩვენი ქვეყნის საგარეო და საშინაო ვალები, ამიტომ საარსებო მინიმუმის სიმცირეს თავისი ობიექტური, მნიშვნელოვანი მიზეზები აქვს. მთავარია, საარსებო მინიმუმი არ გაუარესდეს, რადგან 3,5 მილიარდი დოლარი კერძო სექტორის საგარეო ვალი გვაქვს და ამ თანხის დაფარვა წელს უნდა დავიწყოთ. ასე რომ, საარსებო მინიმუმის ოდენობა ჩვენი მდგომარეობის ანარეკლია“, - აღნიშნავს დავით ასლანიშვილი.

ხათუნა ჩიგოგიძე