"რეზონანსი" - ხუდონჰესის პროექტი მინიმუმ 2 წლით გაჩერდა

ხუდონჰესის პროექტის დაწყება 2017 წელსაც ვერ მოხერხდება. ის კი არადა, როგორც ინვესტორ კომპანია "ტრანს ელექტრიკში" განმარტავენ, არათუ მიმდინარე წელს, პროექტის განხორციელება 2018 წელსაც საეჭვოა. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ხუდონჰესის პროექტი გაჩერდა, ინვესტორსა და საქართველოს მთავრობას შორის მოლაპარაკებას უკავშირდება, რაც ბოლო დროს ჩიხშია შესული.

მთავრობა წინა წლებში ხუდონჰესის მშენებლობის დაწყების თარიღს ხშირად ასახელებდა. ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის ბოლო განცხადებით, ჰესის მშენებლობა წელს უნდა დაეწყოთ. საამისოდ ხელსაყრელი პირობები ჯერჯერობით არ ჩანს. ნაკლებად სავარაუდოა, ადგილობრივი არჩევნების წინ სვანების განაწყენება მთავრობამ იკისროს. გიგანტურ ენერგოპროექტთან დაკავშირებით სვანეთის მოსახლეობის პოზიცია არ შეცვლილა და ისინი წინააღმდეგობის გაწევას ნებისმიერი ფორმით შეეცდებიან.

როგორც აღმოჩნდა, მოსახლეობის პროტესტზე მეტად "ტრანს ელექტრიკას" პრობლემა მთავრობასთან აქვს, კონკრეტულად რაზე ვერ თანხმდებიან მხარეები, კომპანიის ტექნიკური დირექტორი დავით მირცხულავა არ ასახელებს, მაგრამ ადასტურებს, რომ პროექტი ამ ეტაპზე გაჩერებულია და წარმოდგენაც არ აქვთ, როდის შეძლებენ ჰესის მშენებლობის დაწყებას.

"ყველა სამუშაო "ხუდონჰესთან" დკავშირებით შეჩერებულია, დღესდღეობით არაფერი არ კეთდება. მხოლოდ ეს შემიძლია გითხრათ. ყოველ შემთხვევაში, ჯერ არაფერი გადაწყვეტილა. მშენებლობა წელს ნამდვილად არ დაიწყება. რა მოხდება შემდეგ, ესეც ჯერჯერობით ძნელად სავარაუდოა.

სახელმწიფოსთან მოლაპარაკება წარმოუდგენლად ჭიანურდება. დიდი აქტიურობა არც ახლაა, მაგრამ არის რიგი საკითხები, რა მიმართულებითაც მოლაპარაკებას მთავრობასთან ვაგრძელებთ", - განუცხადა "რეზონანსს" დავით მირცხულავამ.

რაც შეეხება პროექტში სახელმწიფოს მონაწილეობის პირობებს, მთავრობასა და ინვესტორს შორის ბოლო შეთანხმების მიხედვით, სახელმწიფოს შეზღუდული რაოდენობის აქციების მიღებაზე გარკვეული ოფციონი აქვს და მისი გაზრდა საჭირო არ არის.

"მიმაჩნია, რომ სახელმწიფო პროექტების კარგი მენეჯერი არ არის", - აღნიშნავს მირცხულავა. ენერგეტიკის მინისტრის გეგმასთან დაკავშირებით კი, რომელიც "ხუდონჰესის" პროექტის განხორციელებას გულისხმობს, "ტრანს ელექტრიკას" წარმომადგენელს ინფორმაცია არ გააჩნია.

კახა კალაძეს საზოგადოებისთვის პროექტის სტრატეგიული მნიშვნელობის შეხსენება ხშირად უწევს. მინისტრს მიაჩნია, რომ "ხუდონჰესის" მშენებლობა უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის ამაღლებაში. ასე სულაც არ ფიქრობენ სვანები, რომლებიც "რეზონანსთან" საუბრისას კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ საკუთარი პოზიციის დათმობას არ აპირებენ.

ხაიშელებს საზოგადოების მხარდაჭერის იმედი აქვთ. სოფელ ხაიშის მკვიდრი ზური ნიჟარაძე დარწმუნებულია, რომ სხვა რეგიონების ყურადღებასაც მიიპყრობს, ხალხი ტერიტორიის დაცვაში ისევე დაუდგება გვერდით, როგორც 2013-14 წლებში, რითაც მშენებლობის სამზადისი შეაჩერებინეს.

"ჩვენ ყოველ გაზაფხულს შიშით ველოდებით. იმის ნაცვლად, რომ ვიშრომოთ და რაღაც შევმატოთ ოჯახს, ქვეყანას, მოსვენება დაკარგულ გვაქვს. ჩვენი პოზიცია არ შეიცვლება, ხატზე დავიფიცეთ და ამ ფიცს ბოლომდე ვუერთგულებთ. არ დავუშვებთ ისეთი პროექტის განხორციელებას, რომელიც ხაიშს და მთელ სვანეთს გაანადგურებს. ვერ დაგვითანხმებენ, საზოგადოების ყურადღებას მივიპყრობთ, ხაიში მარტო არ დარჩება ამ ბრძოლაში. ველოდებით ხალხის აქტიურ მხარდაჭერას, როგორც ეს 2013-14 წლებში მოხდა. მაშინ მთელი ქვეყანა ჩვენ გვერდით დადგა და პროექტი გავაჩერებინეთ", - აცხადებს ზური ნიჟარაძე.

მარი ჩიტაია

გაზეთი "რეზონანსი"