გიორგი კვირიკაშვილი: გვინდა ამერიკული ბიზნესი წარმოდგენილი იყოს სატრანსპორტო, ლოჯისტიკურ, ენერგეტიკულ და საწარმოო სექტორშიც

ამერიკის შეერთებულ შტატებთან პოლიტიკურ ველზე სტრატეგიული ურთიერთობა აუცილებლად უნდა აისახოს ეკონომიკურ მაჩვენებლებში.

ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს პრემიერის აშშ-ში ვიზიტის კომენტირებისას განუცხადა.

მისი თქმით, დაწყებულია აშშ-ში საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრის მზადების პროცესი.

"დაგეგმილია შეხვედრა აშშ-ის უმსხვილესი ბიზნესის წარმომადგენლებთან. გვექნება არაფორმალური დისკუსია, თუ როგორ უნდა შევუწყოთ ხელი, რომ ამერიკული უმსხვილესი ბიზნესები წარმოდგენილი იყოს საქართველოში. დღეს რამდენიმე ამერიკული ბიზნესი უკვე წარმოდგენილია საქართველოში, თუმცა ეს არის ძირითადად სასტუმრო სექტორში. ჩვენ გვინდა, რომ სხვა სექტორებშიც იყოს წარმოდგენილი, განსაკუთრებით სატრანსპორტო და ლოჯისტიკურ სექტორში, ენერგეტიკაში, საწარმო სექტორში", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

22 თებერვლიდან 1-ელ მარტამდე საქართველოს სამთავრობო დელეგაცია, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრება.