საქართველოში გერმანელი ბიზნესმენები იმყოფებიან

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა გერმანული კომპანიების წარმომადგენლობითი დელეგაცია მიიღო.

გერმანიის ბიზნეს-დელეგაციაში შედიან ისეთი დიდი საერთაშორისო კომპანიების ხელმძღვანელი პირები, როგორებიცაა, Heidelberg Cement, Deutsche Bahn (DB) International, Siemens AG, Deutsche Bank და ა.შ.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-გერმანიის თანამშრომლობა ბიზნესის სფეროში და საინვესტიციო პროექტები, რომელთაც გერმანული კომპანიები საქართველოში ახორციელებენ.

გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრაზე იმედი გამოთქვა, რომ სამომავლოდ გაიზრდება გერმანული საქმიანი წრეების ინტერესი საქართველოს ეკონომიკის მიმართ, რაც აისახება ინვესტიციების ზრდასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში გერმანელი ბიზნესმენების წარმომადგენლობითი დელეგაციის ჩამოსვლა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გერმანიაში ვიზიტისას გადაწყდა.

გერმანელი ბიზნესმენები მონაწილეობას მიიღებენ ქართულ-გერმანულ ბიზნეს შეხვედრაში, რომელიც დღეს საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ორგანიზებითა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით სასტუმრო Radisson Blu Iveria-ში გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში განხილული იქნება ცალკეული საინვესტიციო პროექტები და სამომავლო პარტნიორობის შესაძლებლობები საქართველოსა და გერმანიის ეკონომიკურ და ბიზნეს წრეებს შორის.

შეხვედრას დაესწრებიან გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების, საქართველოს საპარტნიორო და თანაინვესტირების ფონდების წარმომადგენლები.