„აეროსმიტის“ კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 25 თებერვლიდან დაიწყება, - ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროდან იუწყებიან.
მათივე ინფორმაციით, ბილეთების ყიდვა მსურველებს biletebi.ge-სა და tkt.ge-ს ონლაინ-სერვისების მეშვეობით შეეძლება.
„აეროსმიტის“ კონცერტი შეკვეთილში, Black Sea Arena-ს საკონცერტო დარბაზში 20 მაისს გაიმართება.
„აღსანიშნავია, რომ საქართველოში „აეროსმიტის“ კონცერტის ბილეთების ღირებულება 50 ლარიდან იწყება, რაც უპრეცედენტოდ დაბალი ფასია იმ ქვეყნებს შორის, სადაც „აეროსმიტს“ წელს 18 კონცერტის გამართვა აქვს დაგეგმილი. ინფორმაციისთვის: ამ ტურნეს ფარგლებში ყველაზე დაბალი ფასი, საქართველოს შემდეგ ქალაქ ბარსელონაში 171 ლარის ექვივალენტი დაფიქსირდა.
რაც შეეხება საქართველოში „აეროსმიტის“ კონცერტზე დასასწრები ბილეთების ფასებს: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ბილეთების ღირებულება იქნება 40 ლარი, Black Sea Arena-ს მესამე სექცია ეღირება 50 ლარი, მეორე სექცია - 100 ლარი, ხოლო პირველი სექცია - 200 ლარი.
სცენის მიმდებარედ დასადგომი ბილეთის (გოლდენ რინგის) შეძენა შესაძლებელი იქნება 70 ლარად, ხოლო „VIP ზონის“ ბილეთის ღირებულება 400 ლარი იქნება.
მომხმარებლისთვის მეტი კომფორტის შექმნის მიზნით biletebi.ge-ზე მხოლოდ გოლდენ რინგის (ფეხზე დასადგომი) ბილეთები გაიყიდება, ხოლო tkt.ge მხოლოდ დასაჯდომ ბილეთებს გამოიტანს გასაყიდად.
გასაყიდი და გაყიდული ბილეთების სტატისტიკის ნახვა მსურველს ორივე საიტზე შეეძლება, ასევე ლინკის მეშვეობით მარტივად იქნება შესაძლებელი ერთი საიტიდან მეორეზე გადასვლა შესაბამისი ბილეთის შესაძენად“, - აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.