ოქსფორდის უნივერსიტეტმა შესაძლოა კამპუსი საფრანგეთში გახსნას

ოქსფორდის უნივერსიტეტმა შესაძლოა 700 - წლიანი ტრადიცია დაარღვიოს და არსებობის მანძილზე პირველად, გახსნას კამპუსი საკუთარი ქვეყნის ფარგლებს გარეთ. როგორც ბრიტანული გამოცემა The Telegraph წერს, უნივერსიტეტის მესვეურებმა გასულ კვირას საქმიანი შეხვედრა გამართეს საფრანგეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან. გამოცემის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს თუ რამდენად არის შესაძლებელი კამპუსის გახსნის დაფინანსება მოხდეს ევროკავშირის სახსრებით.

ოქსფორდის უნივერსიტეტის პრესმდივნის განცხადებით, კამპუსის გახსნის თაობაზე გადაწყვეტლება ჯერ მიღებული არ არის, თუმცა ხაზი გაუსვა უნივერსიტეტის საერთაშორისო სტატუსს. ”არსებობის მანძილზე ოქსფორდი იყო საერთაშორისო უნივერსიტეტი და დარჩება ასეთად, მიუხედავად პოლიტიკური ლანდშაფტისა”, - განცხადა მან.

საფრანგეთის გეგმები ”ბრექსიტის” ფონზე მიიზიდოს ბრიტანული სასწავლებლები საკუთარ ქვეყანაში, დაადასტურა საფრანგეთის განათლების ექს-მინისტრმა ჟან-მიშელ ბლანკმა. მისი სიტყვებით, ასეთი ნაბიჯის იდეა სიმბოლურია: ”ვაცხადებთ, რომ ჩვენ გვინდა ხიდების მშენებლობა და აკადემიური ცხოვრება არ არის მთლიანად დამოკიდებული პოლიტიკურ პრობლემებზე” - ამბობს ის.

მანამდეც ბრიტანეთის აკადემიური საზოგადოების წარმომადგენლებმა არაერთხელ გაუსვეს ხაზი, რომ ”ბრექსიტი” დიდ ზიანს მიაყენებდა ბრიტანულ განათლებასა და მეცნიერებას, ევროკავშირის ხაზიდან შემოსული დაფინანსების შეწყვეტის გამო.

შეგახსენებთ, ოქსფორდის უნივერსიტეტი ერთ-ერთი უძველესი სასწავლო დაწესებულებაა ევროპაში, რომელმაც ფუნქციონირება 1096 წელს დაიწყო და სხვა ბრიტანულ სასწავლებლებთან ერთად ევროპის უძველესი უნვერსიტეტების ნუსხაშია შესული. ცნობისათვის, საფრანგეთში კამპუსის გახსნას გეგმავს ასევე კიდევ ერთი ბრიტანული University of Warwick-ი.

კოკა კვირკველია