რუსეთის ეკონომიკას რეცესია ემუქრება

რუსეთის სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულმა ეკონომიკურმა მონაცემებმა ყველაზე პესიმისტურ პროგნოზს გადააჭარბა: საცალო ვაჭრობის მოცულობა წინა წელთან შედარებით 2,4%- ით, მოსახლეობის რეალური შემოსავლები 0,5%-ით, ინვესტიციები კი - 7% -ით შემცირდა, რაც 2010 წლის იანვრის შემდეგ, ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.

როგორც ანალიტიკოსები ვარაუდობენ, 2014 წლის იანვარში ეკონომიკური ზრდა უარყოფითი იყო, თუმცა, ზუსტი ციფრები ჯერ უცნობია.

”ჩემი პროგნოზი ინვესტიციებთან შედარებით ყველაზე პესიმისტური იყო (-2%). სხვაობა კი, როგორც ვხედავთ, უფრო დიდი აღმოჩნდა. ამის გათვალისწინებით, არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთის ეკონომიკა დე-ფაქტო რეცესიაში იმყოფება”, - განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა, ევგენი ნადორშინმა.

”ალფა ბანკის” ანალიტიკოსის, ნატალია ორლოვას განცხადებით, რუბლის გაცვლითი კურსის არასტაბილურობის გამო, სავალუტო ოპერაციები გაცილებით მიმზიდველი გახდა, ვიდრე ეკონომიკური აქტიურობა და ეს ”ცუდი სიგნალია”.

”ყველა გაჩერდა - არავინ იცის, რა ეშველება რუბლს”, - შეშფოთება გამოთქვა, თავის მხრივ, უმაღლესი ეკონომიკური სკოლიდან, ვალერი მირონოვმა. მისი თქმით, დევალვაცია, როგორც წესი, ექსპორტიორებისთვის ხელშემწყობი ფაქტორია, თუმცა, ეს ინვესტიციებზე დადებითად არ აისახება, რადგან დამატებით მიღებულ ვალუტას კომპანიები უცხოურ ანგარიშებზე გადაიტანენ.

რუსეთში ბრიტანული ბანკის, HSBC-ის წარმომადგენლის, ალექსანდრე მოროზოვის განცხადებით, ინვესტიციების მკვეთრი შემცირება არა დევალვაციას, არამედ გაცილებით სერიოზულ ფაქტორებს უკავშირდება.

”ინვესტირება - არ არის მყისიერი გადაწყვეტილების შედეგი. ის გაცილებით ადრე იგეგმება. ინვესტიციების ასეთი მკვეთრი შემცირება მიუთითებს უფრო მეტად არა დროებით შოკზე, არამედ, ეკონომიკის ტენდენციაზე. თუნდაც არ ჩავვარდეთ რეცესიაში, ეკონომიკური ზრდის აღდგენის იმედი არ უნდა გვქონდეს. ამ შემთხვევაში, უფრო რეალური სცენარი - სტაგნაციაა”, - აღნიშნა მოროზოვმა.

რუსეთის სტატისტიკური სამსახურის ინფორმაციით, გასულ წელს ქვეყნის ეკონომიკურმა ზრდამ 1,3% შეადგინა, წელს პირველ კვარტალში კი ეკონომიკური განვითრების სამინისტრო მშპ-ის 1%-იან მატებას ვარაუდობდა. თუმცა, რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა იანვარში მთავრობა გააფრთხილა, რომ ქვეყნის ეკონომიკას სტაგფლაცია ემუქრება, რაც ნიშნავს, ეკონომიკის ნულოვან ზრდას მაღალი ინფლაციის ფონზე.

აღსანიშნავია, რომ რუსეთი საქართველოს სიდიდით მეოთხე სავაჭრო პარტნიორია, სადაც გასულ წელს 190 მილიონი დოლარის მოცულობის ექსპორტი განხორციელდა. მეზობელი ქვეყნიდან კი 800 მილიონი დოლარი გადმოირიცხა, რაც მთლიანი ფულადი გზავნილების ნახევარს შეადგენს.