Aerosmith-ის კონცერტზე დასასწრები ბილეთების 99 პროცენტი 3 საათში გაიყიდა

ამერიკული როკჯგუფი Aerosmith-ის კონცერტის მიმართ გამოხატულმა ინტერესმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა , - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო იუწყება.

მათივე ინფორმაციით, კონცერტის ბილეთების გაყიდვა დღეს, დილის 09:00 საათზე დაიწყო და დღის 12:00 საათისთვის ბილეთების 99% უკვე გაყიდული იყო.

„Google analytics-ის მონაცემების მიხედვით, საქართველოს გარდა, აქტივობის ძალიან მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა მეზობელი ქვეყნებიდან: სომხეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი.

ასევე, დიდი დაინტერესებაა შავი ზღვის სანაპიროს სასტუმროებში განთავსებაზე, რაც ხელს შეუწყობს 2017 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონის გახანგრძლივებას.

Check In Georgia-ს პროექტის ფარგლებში, 20 მაისს, Black Sea Arena როკის შემსრულებელ, ყველა დროის საუკეთესო ჯგუფს Aerosmith-ს უმასპინძლებს. ჯგუფი ქართველი მსმენელის წინაშე 2017 წლის გრანდიოზული ევროტურის “Aero-Vederci Baby!” ფარგლებში წარდგება“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.